top of page

რა უფლებებით სარგებლობს მომხმარებელი საქართველოში?



ჯანსაღი ბიზნეს კომპანიებისათვის პრიორიტეტს მომხმარებელი და მისი ინტერესების დაცვა წარმოადგენს. იმდენად, რამდენადაც ბიზნესის წილის გადატანამ ციფრულ სამყაროში  გაამარტივა ინტერაქცია მომხმარებელთან, გაზარდა პროდუქტისა თუ მომსახურების ონლაინ შეძენის რისკები. მომხმარებელთა უფლებები საქართველოში კანონმდებლობითა და რეგულაციებით არის დაცული, მათ შორის  „კანონით მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 2022 წელს შევიდა და თანხვედრაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

საკუთარი უფლებების ცოდნა მომხმარებელს ეხმარება თავიდან აიცილოს არასანდო ბიზნეს პრაქტიკა და  ხელი შეუწყოს ელექტრონული კომერციის სფეროში არსებული გამოწვევების მოგვარებას. 


რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ, სანამ ონლაინ სივრცეში ვაჭრობის გადაწყვეტილებას მივიღებთ?


ინფორმაციის მიღების უფლება


იყო ინფორმირებული ნიშნავს მიიღო ყიდვის გადაწყვეტილება არჩევანზე დაყრდნობით. მაშასადამე, მომხმარებელს აქვს უფლება საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელი მიუწვდებოდეს შემდეგ ინფორმაციაზე:


  • კომპანიის სახელწოდება, სამართლებრივ ფორმა, მისამართი, ელექტრონული ფოსტა და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია; კომპანიის ლიცენზია, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი; 

  • საქონლის ან მომსახურების ზუსტი დასახელება და მისი მახასიათებლები, მათ შორის ძირითადი და დამატებითი ფასი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟის და სხვა ფასს. თუ ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, მაშინ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დამატებითი ხარჯების შესაძლო წარმოშობის შესახებ. 

  • მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ, თუ სად, რომელ ობიექტში და მისამართზე (თუ ის განსხვავდება კომპანიის მისამართისგან) არის შესაძლებელი აღნიშნული სერვისის მიღება.


უსაფრთხოების უფლება


მომხმარებელმა ონლაინ სივრცეში თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. მისი პირადი ინფორმაცია უნდა დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მან უნდა იცოდეს, როგორ მუშავდება მისი პერსონალური მონაცემები. გარდა ამისა, მომხმარებელს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ გადახდის რომელი მეთოდებია ხელმისაწვდომი.  უსაფრთხო და დაცული გადახდის მეთოდების შეთავაზება, ისევე, როგორც ინფორმაცია მონაცემების დამუშავების შესახებ მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს.


შეკვეთის გონივრულ ვადაში მიღების უფლება


ყველა მომხმარებელს აქვს უფლება მიიღოს სასურველი პროდუქტი დაყოვნების გარეშე, მაგრამ გარიგების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 

თუ მოვაჭრემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, მომხმარებელს შეუძლია, მას დამატებითი ვადა თავად განუსაზღვროს. თუ პირობა დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა, მომხმარებელს უფლება აქვს, საერთოდ უარი თქვას პროდუქტზე და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.


პროდუქტის უკან დაბრუნების უფლება


იცოდით, რომ შეგიძლიათ ონლაინ შეძენილი ნივთი უკან დააბრუნოთ და ამისთვის კონკრეტული მიზეზი არ გჭირდებათ?


დისტანციური შეკვეთის განთავსების დროს, მომხმარებელს აქვს უფლება ორი კვირის განმავლობაში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უარი თქვას პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.  თუმცა, ეს არ ეხება პროდუქტს, რომელიც დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით, მიწოდებულია მალფუჭებადი პროდუქტი, დარღვეულია ჰერმეტულობა ან პროდუქტი განუყოფლადაა შერწყმული სხვა პროდუქტს, მომხმარებლისთვის მიწოდებულია ჟურნალ-გაზეთები და სხვა.


ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია, დაუბრუნოს მომხმარებელს პროდუქტში გადახდილი თანხა 14 დღის განმავლობაში. თუმცა, მას უფლება აქვს აღნიშნული თანხა არ დააბრუნოს მანამ, სანამ მომხმარებელი პროდუქტს უკან არ გაუგზავნის. 


სამართლიანი მომსახურების მიღების უფლება


ონლაინ სივრცეში უამრავ ინფორმაციას ვაწყდებით. ვირტუალურ სამყაროში რთულია, განვსაზღვროთ რეალურად ვისთან გვაქვს საქმე, და როგორც მომხმარებლები, შეიძლება ყალბი ინფორმაციის მსხვერპლნი აღმოვჩნდეთ. არადა, კანონმდებლობა გვიცავს, რომ  სამართლიანი, არააგრესიული მომსახურება მივიღოთ. ონლაინ მაღაზიებმა არ უნდა გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, თითქოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ლიცენზიითა და აკრედიტაციით ახორციელებენ საქმიანობას, არ აქვთ უფლება შემოგვთავაზონ პროდუქტი სპეციალურ ფასად და შემდეგ, უარი გვითხრან რეკლამირებული პროდუქციის გაყიდვაზე.


პროდუქტის შეცვლისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება


რა უნდა ქნას მომხმარებელმა მაშინ, თუკი პროდუქტი უხარისხო ან ყალბი აღმოჩნდება?


მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა უსასყიდლოდ. პროდუქტის შეკეთების ან შეცვლის პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს მომხმარებელს განახორციელოს ის მიზანი, რომლისთვისაც მას ამ ნივთის შეძენა სურდა.


თუკი პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია, მოვაჭრემ დაარღვია შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადები და  პროცესში გაჩნდა შეფერხება, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.


არადისკრიმინაციულ გარემოში მომსახურების მიღების უფლება


დაუშვებელია მომხმარებელთა დისკრიმინაცია, რაც გულისხმობს მათ რაიმე ნიშნით გამორჩევას და არათანაბარ მოპყრობას. დისკრიმინაციული ფაქტების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.


იმ შემთხვევაში, თუ თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები დაირღვა, უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს, სასამართლოს ან დავა მედიაციის საშუალებით გადაწყვიტოთ.  საჩივრის მიღების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო დაამუშავებს თქვენს საჩივარს და გადაწყვეტილებას ათი სამუშაო დღის ვადაში გაცნობებთ. 


Comentarios


bottom of page