top of page

როგორ ავირიდოთ თავიდან ონლაინ ვაჭრობის საფრთხე - ვის ვენდოთ?



როგორ ავირიდოთ თავიდან ონლაინ ვაჭრობის საფრთხე - ვის ვენდოთ?


საქართველოში ელექტრონული ვაჭრობა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ყველა თაობის ადამიანისათვის. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ონლაინ შეძენის სიმარტივე პროცესს კომფორტულს ხდის, თუმცა არსებობს გამოწვევა, რომლის წინაშეც მომხმარებლები დგანან - სანდოა თუ არა ონლაინ კომპანია? მივიღებთ თუ არა იმ ნივთს, რომელიც გამოვიწერეთ? მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შესული განცხადებების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება. 


მაშასადამე, რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ მოვტყუვდეთ ონლაინ სივრცეში ნივთის შეძენისას? 


შეამოწმეთ ონლაინ მაღაზიის ვებგვერდის მისამართი 


ოპერირებენ რა ელექტრონულ კომერციაში, ონლაინ მაღაზიებს სჭირდებათ საკუთარი ციფრული სივრცე პროდუქტისა თუ სერვისის განსათავსებლად. არასანდო კომპანიები ამისათვის  ძალიან ხშირად ყალბ ვებგვერდებს ქმნიან, რომლებიც არ არის უსაფრთხო და დაცული შესაბამისი სერტიფიკატით. ამაზე HTTPS – მონაცემთა უსაფრთხოდ გადაცემის პროტოკოლი და ვებგვერდის მისამართზე, მარცხენა კუთხეში დატანილი ბოქლომის სიმბოლო მიგვითითებს. თუ საიტი http-ით იწყება, გამოტოვებულია “s” სიმბოლო, და არც ბოქლომი ჩანს, ესე იგი, აღნიშნული ვებგვერდი არ არის დაცული სერტიფიკატით და შესაბამისად, არც უსაფრთხოა. ინტერნეტ ტრანზაქცია კი მხოლოდ დაცულ ვებგვერდებზე  უნდა განხორციელდეს. 


დომენის სანდოობის შემოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდებზე:  Scamadviser.com-სა და VirusTotal.com-ზე. ეს საიტები გვაწვდიან ინფორმაციას ვებგვერდის შექმნის თარიღის შესახებ. თუ ვებგვერდი ახალი შექმნილია, ან რეგისტრაციის დრო არ ემთხვევა კომპანიის მიერ მითითებულ თარიღს, სავარაუდოდ, საეჭვო ონლაინ მოვაჭრესთან გვაქვს საქმე. 


ყურადღება მიაქციეთ სანდოობის ნიშანს 


TRUSTRMARK ნიშანი ელექტრონულ კომერციაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იგი ელექტრონული ვაჭრობისას სანდო შენაძენის გარანტიაა და ფართოდ აღიარებული პრაქტიკაა მსოფლიოში. სანდოობის ნიშანი სხვადასხვანაირია და ის შეიძლება იყოს ლოგო, ფოტო ან სიმბოლო, რომელიც, როგორც წესი, კომპანიებს მინიჭებული აქვთ თავიანთ ვებგვერდზე (ონლაინ მაღაზიაში). თუკი ბიზნესს გააჩნია TRUSTMARK-ი ეს ნიშნავს, რომ იგი შესაბამისობაშია ნიშნის გამცემი ორგანიზაციის რეგულაციებთან. შესაბამისად, TRUSTMARK-ი შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გაიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და სერვისის მიწოდების დონე შესაძლოა, განსხვავდებოდეს სხვადასხვა სააგენტოს მოთხოვნების მიხედვით. 


საქართველოში ეს ნიშანი  „იქომერს ასოციაცია საქართველო“-ს ინიციატივით გამოჩნდა. ასოციაციის მიერ მინიჭებული Trustmark-ი მწვანე ფერის ნიშანია. ელექტრონული კომერციის პლატფორმებს საქართველოში შეუძლიათ გაიარონ TrustMark სერტიფიცირება „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ დეტალური სახელმძღვანელოს მითითებით. სერტიფიცირების პროცესი გულისხმობს კომპანიების შეფასებას ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა, მონაცემთა უსაფრთხოება, გამჭვირვალე ბიზნეს პრაქტიკა და მომხმარებელთა კმაყოფილების ვალდებულება. 


მოძებნეთ ონლაინ მაღაზიის სანდოობის ამსახველი ნიშანი ვებ-გვერდზე ან კომპანიის საქმიანობის აღწერაში, რათა დარწმუნდეთ, ურთიერთობა გაქვთ ისეთ ონლაინ მოვაჭრესთან, რომელმაც გაიარა შესაბამისი აუდიტი და ციფრულ სამყაროში მომხმარებლის უფლებების სრული დაცვით მოღვაწეობს. 


მოძებნეთ საკონტაქტო ინფორმაცია 


სანამ ელექტრონულ სივრცეში შესყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებთ, მნიშვნელოვანია, მოძებნოთ ონლაინ მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია, წესები და პირობები. სანდო გამყიდველის გვერდზე აუცილებლად იხილავთ ტელეფონის ნომერს, ელექტრონულ ფოსტასა და მისამართს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, დასვათ შეკითხვები და გადაამოწმოთ, ვინ დგას ონლაინ მაღაზიის უკან.


დააკვირდით ტექსტებსა და კონტენტს 


ტექსტები და ვიზუალი ბევრს გვეუბნება მის შემქმნელზე, რამდენად პროფესიონალურად უდგება ინდივიდი საქმეს. პროფესიონალი ონლაინ მოვაჭრე კარგად იცნობს საკუთარ პროდუქტსა თუ სერვისს და ცდილობს, შექმნას ორიგინალი პოსტები სოციალიურ მედიაში. მისგან განსხვავებით, თაღლითთან ვაწყდებით: 


  • მანქანურად თარგმნილ ტექსტებს და ზოგჯერ მთლიანად საიტს; 

  • მოპარულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელიც აღებულია ინტერნეტიდან ან უკვე არსებული მსგავსი ბიზნესის გვერდიდან;

  •  არსებული ბიზნესის სახელწოდების მცირედ სახეცვლილ ვარიანტებს კომპანიის დასახელებაში; 

  • მართლწერის შეცდომებს. 


შეამოწმეთ გადახდის მეთოდები 


ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს ონლაინ მაღაზიის სანდოობა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის ითხოვს ფინანსურ ინფორმაციას და საკრედიტო ბარათის დეტალების შეყვანას, როგორც გადახდის ერთადერთ ხელმისაწვდომ საშუალებას.  ნუ გაუზიარებთ პირად ინფორმაციას და ბარათის მონაცემებს ასეთ ვებგვერდებს. არ გადასცეთ ინტერნეტ ბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი არავის. ის თქვენი პირადი საკუთრებაა. 


მითხარი ვინა არის მისი მიმდევარი და გეტყვი, ვინ არის ის  


სოციალური მედია და Google-ი ბევრს გვიყვებიან ამა თუ იმ ონლაინ კომპანიაზე. ინტერნეტში მცირე მოკვლევის ჩატარება ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა. არასანდო ონლაინ მოვაჭრეებს ნაკლები მიმდევრები ჰყავთ, ასეთ გვერდებზე ნაკლებია  მომხმარებელთან ინტერაქციაც და შესაბამისად, რეკომენდაციებსაც ნაკლებად ვაწყდებით. და თუკი მაინც, ასეთ კომპანიებს ჰყავთ მიმდევრები, ეს ისევ და ისევ ყალბი ექაუნთებია.  


ყურადღების გამახვილება ზემოთხსენებულ ნიშნებზე, დაგეხმარებათ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ონლაინ შოპინგის რისკები. გახსოვდეთ, ენდეთ მხოლოდ მაღალი რეპუტაციის მქონე ონლაინ მაღაზიებს, უსაფრთხო საგადასახადო სისტემით, რათა თქვენი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია დაცული იქნას, ხოლო თავად თქვენ თავდაჯერებულმა გააგრძელოთ ონლაინ შოპინგი. 






コメント


bottom of page