მომხმარებლებს სოციალურ ქსელში არსებული სავაჭრო პლატფორმების მიმართ გაცილებით მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე სხვა რომელიმე არხების. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა კომპანია Chubb -ის მიერ, გამოვლინდა, რომ ონლიან-შესყიდვებით დაინტერესებული
მომხმარებლების 85% სწორედ სოციალურ ქსელებში არსებულ სელერებს ენდობიან. დანარჩენები კი e-Commerce-ის ტრადიციულ პლატფორმებთან მიმართებაში გამოხატავენ ნდობას.
აღნიშნული სტატისტიკა კიდევ უფრო საინტერესოა იქედან გამომდინარე, რომ გამოკითხვაში დასმული იყო საკთხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები სოციალურ ქსელებში არსებულ მარკეტფლეისებზე შენაძენის გაკეთებისას, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა:
-ფინანსური მაქინაციების პრობლემები - 75%
-შეძენილი ნივთის მიტანის პრობლემები - 61%
-გადახდების დაკარგვა ტექნიკური ხარვეზების გამო - 55%
-დაზიანებული საქონლის მიღების პრობლემები - 42%
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელით შენაძენის გაკეთებით კომფორტის განცდა მცირდება მომხმარებლების ასაკის მატებასთან ერთად. ყველაზე დიდ აქტივობას იჩენს ე.წ. Gen-Z: ამ თაობის რესპოდენტთა 46% სწორედ სოციალური ქსელებით ყიდულობს სასურველ ნივთებს, მაშინ როცა მილენიალებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 30%-ს, Gen-X-ში - 22%-ს, ხოლო ე.წ. ბეიბი-ბუმერებში - 0%ს.
მომხმარებლების მხრიდან სოციალურ ქსელებში განთავსებული e-Commerce პლატფორმების მიმართ დიდი ნდობის გამოცხადების პარალელურად, თავად სელერების მხრიდან სრულიად სხვა დამოკიდებულებაა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სელერების 81% იყენებს სოციალურ ქსელებს საქონლის გასაყიდად და მარკეტინგისთვის, მათ უჩნდებათ ეჭვი ამ პლატფორმების მიერ სასაქონლო მარაგების მართვის საკითხთან დაკავშირებით, სადაც ნდობამ შეადგინა მხოლოდ 35%. სხვა საკითხების მიმართ ნდობის მაჩვენებლებიც საკმაოდ დაბალი დაფიქსირდა. მაგალითად, მოსახერხებელი ნავიგაცია - 30%, საქონლის დაბრუნება ან გაცვლა - 31%, შეკვეთების შესრულება და მიწოდება - 33%, გადახდების დამუშავება - 35%.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნდობის ნაკლებობა e-Commerce სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის მომხმარებლების და სელერების მხრიდან ლოიალობის გაზრდას. მათი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს სავაჭრო პლატფორმას, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ ონლაინ-ვაჭრობის ობიექტები, ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებლის გზა უნდა იყოს მარტივი, სწრაფი და სანდო. მიწოდების პრობლემები, დაზიანებული საქონელი, და ონლაინ-თაღლითობა - წამიერად ანგრევს მომხმარებლის ნდობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ციფრული-ბაზრის ეპოქაში.