eCommerce ბრენდებს ძალიან უჭირთ, თავიდან აირიდონ შეცდომები, რომლებიც თავს იჩენს შეკვეთების შეგროვება-შეფუთვის დროს. ეს შეიძლება იყოს შეკვეთის მომზადების დროს დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომა, როგორიცაა შეცდომით შერჩეული საქონელი ან არასწორად შეფუთული და ტრანპორტირებისთვის გადაცემული. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, იწვევს მომხმარებელთა უკმაყოფილებას, ნეგატიურ უკუკავშირს მათი მხრიდან და რაც მთავარია - ფინანსურ ზარალს.
მარაგების სწორი მენეჯმენტის ქონა, უმნიშვნელოვანესია მსგავსი შეცდომების პრევენციისთვის. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ საწყობში მოწესრიგებული პროცესის ქონასა და მომხმარებლის კმაყოფილების მოპოვებაში.
1. გამოიყენეთ საწყობის ავტომატიზაციის სისტემები
საწყობის ხელმძღვანელები, ყოველთვის ცდილობენ გამოიჩინონ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება eCommerce სფეროს შეკვეთებს. საუკეთესო გადაწყვეტილება ამ ინდუსტრიაში, არის საწყობის ავტომატიზაციის სისტემები, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომებს შეკვეთების შეგროვება-შეფუთვისას.
როგორ მუშაობს საწყობის ავტომატიზაციის სისტემები?
1. ავტონომიური მობილური რობოტები (AMRs)
AMRs არის ერთგვარი “game-changer” სისტემა საწყობის ავტომატიზაციის პროცესში. ამ რობოტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ნავიგაცია საწყობის სივრცეში და საჭირო საქონლის პოვნა ერთმანეთისთვის. AMRs სისტემის გამოყენებით, საწყობებს შეუძლიათ:
შესრულების ეფექტურობის გაზრდა, საქონლის ერთი ადგილიდან მეორეზე უსწრაფესი გადაადგილებით;
თანამშრომლების ფიზიკური დატვირთვის შემცირება და დაღლილობის გამო დაშვებული შეცდომების მინიმიზაცია;
შეკვეთების ზუსტი შესრულების წყალობით, რეალურ დროში აკონტროლონ მარაგები;
2. Pick-to-Light და Put-to-Light ტექნოლოგიები
Pick-to-Light და Put-to-Light სისტემები შექმნილია სპეციალურად შეკვეთების შეგროვების პროცესისთვის და ფუნქციონირებს შემდეგნაირად:
შუქი, როგორც გზამკვლევი, ინთება საწყობის თანამშრომლებისთვის ზუსტად იმ ადგილას, სადაც საქონელი დევს და ასევე, აჩვენებს მათ ყოველი შეკვეთის ინფორმაციას, საქონლის რაოდენობის და სხვა დეტალების გათვალისწინებით.
როცა საქონელი აღებული ან დადებულია სწორად, სისტემა შესაბამის უკუკავშირს ამყარებს საწყობის თანამშრომელთან, რათა დაუდასტუროს, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა.
ეს სისტემები შეიძლება ინტეგრირდეს საწყობის მართვის სოფტვეარ სისტემებთან და საშუალებას იძლევიან რეალურ დროში შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მუდმივად განახლდეს სისტემის საერთო ბაზა.
საწყობის ავტომატიზაციის დადებითი მხარეები
AMRs და Pick-to-Light ტიპის საწყობის ავტომატიზაციის სისტემების დანერგვით, ბიზნესს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა უპირატესობა, მაგალითად:
მეტი სიზუსტე: აღნიშნული სისტემების გამოყენებით, მინიმუმამდე მცირდება შეკვეთის შეგროვება-შეფუთვისას დაშვებული შეცდომები;
შეკვეთის სწრაფად შსრულება: AMRs სისტემების გამოყენებით, შესაძლებელია უსწრაფესად მოხდეს პროდუქტის საწყობიდან გადატანა შესაფუთ ადგილას;
მარაგების რეალურ დროში კონტროლი და მართვა: AMRs სისტემების WMS-თან ინტეგრირებით, ბიზნესს შეუძლია მუდმივად საჭირო რაოდენობის მარაგები იქონიოს საწყობში და გაყიდვების ყველა არხებზე;
სტაბილური სამომხმარებლო გამოცდილება: შეკვეთის ზუსტი და სწრაფი შესრულებით, ბრენდს შეუძლია მოიპოვოს მომხმარებლის კმაყოფილება და შესაბამისად - ლოიალურობა.
2. საწყობის სტრატეგიის ოპტიმიზაცია
საწყობის მართვის სწორი და ოპტიმალური სტრატეგია - უმნიშვნელოვანესია შეკვეთის შეგროვება-შეფუთვის პროცესში. უმართავ და არაორგანიზებულ სასაწყობე სისტემაში, ყოველთვი ხდება ქაოსი, საქონლის ძებნაში უამრავი დროის ხარჯვა, შეცდომით შეფუთვა-გაგზავნა, შეკვეთის დაკარგვა და ა.შ.
დინამიური სასაწყობე სტრატეგიის მნიშვნელობა
რეკომენდირებულია საქონლის საწყობში დალაგება არა დასახელების, არამედ ზომის მიხედვით, რადგან მომხმარებლები ხშირად უკვეთავენ ერთი და იგივე ზომის რამდენიმე ნივთს, ამიტომ, ზომით დალაგებულ თაროებზე, გაცილებით სწრაფად და მარტივად იქნება შესაძლებელი შეკვეთის შეგროვება და შესაფუთად გაგზავნა.
საქონლის მდებარეობის მნიშვნელობა
შემდეგი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია, არის ხშირად გაყიდვადი საქონლის შეგროვება. მათი განთავსება შეფუთვა/ტრანსპორტირების ადგილთან, დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ შეკვეთის მომზადების დრო და მსგავსი გონივრული ორგანიზება, ასევე ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას.
სლოტების და მარკირების როლი
საქონლის სწორი სლოტირება და მარკირება, არასოდეს უნდა იყოს ყოყმანის საგანი. მცდარი მარკირება ან არასწორი განლაგება, ყოველთვის გამოიწვევს გაურკვევლობას შეკვეთის მომზადებისას და გაზრდის მასზე დახარჯულ დროსაც. ამიტომ, საქონლის მარკირება-სლოტირების კონტროლი და მართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია საწყობის საოპერაციო სისტემაში.
საქონლის სორტირების უპირატესობები
ყურადღება უნდა მიექცეს განსხვავებული საქონლის განცალკევებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომები შეკვეთის შეგროვებისას. გამოიყენეთ ფერადი, შტრიხ-კოდიანი მარკერები, პლასმასის კონტეინერები და ა.შ. იმისათვის, რომ მარტივად განასხვაოთ დაფასოებული საქონელი და წვრილმანები - ე.წ. SKUs (stock-keeping units).
3. საქონლის იდენტიფიკაციის და მარკირების გაუმჯობესება
საქონლის ინდენტიფიკაცია და მარკირება შეკვეთის შეგროვება-შეფუთვის პროცესში მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ საფეხურზე შეცდომების დაშვებამ, მოგვიანებით შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, რაც ძირითადად მომხმარებლის უკმაყოფილებასა და გაყიდვების შემცირებაში გამოიხატება. ამიტომ, საჭიროა დამატებითი სისტემების გამოყენება, აღნიშნული პროცესის გასაუმჯობესებლად. ასეთია მაგალითად:
ბარკოდების სკანერი
ინტეგრირებული ბარკოდ-სკანერი საშუალებას იძლევა, მოხდეს საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება და ჩანაწერების გადამოწმება, რამდენად სწორად არის სისტემაში ინფორმაცია ამა თუ იმ სასაქონლო ერთეულზე, გამოვლინდეს ის კატეგორიები, რომელთა მარაგიც ამოწურულია და უმოკლეს დროში დადასტურდეს შეკვეთის შესასრულებლად განკუთვნილი ნივთი სწორად არის აღებული თუ არა.
მარკირების სხვადასხვა მეთოდი
ამ პროცესის გასაუმჯობესებლად, რეკომენდირებულია სხვადასხვა ფერის კოდების, სიმბოლოების და სანიშნეების გამოყენება პროდუქტის იდენტიფიკაციისთვის. პროდუქტის თითოეული კატეგორიისთვის იქონიეთ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ფორმატი. იდენტიფიკატორები უნდა გამოირჩეოდეს მაღალი კონტრასტულობით და იყოს მარტივად წაკითხვადი, რათა თანამშრომლებმა ნაკლები შეცდომები დაუშვან და პროდუქტი ამოიცნონ სრული სიზუსტით.
4. მარაგების მუდმივი აღრიცხვა და კონტროლი
ინტეგრირებული მონაცემთა ბაზა, წარმატებული სასაწყობე სისტემის ხერხემალია eCommerce სფეროში. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მარაგების მაჩვენებლები არის ზუსტი, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოლოდინი. ამისთვის საჭიროა მარაგების მუდმივი აღრიცხვა და კონტროლი, რაშიც დაგეხმარებათ შემდეგი ძირითადი ოპერაციები:
მონაცემების სიზუსტის გადამოწმება;
არასწორად სორტირებული საქონლის გამოვლენა;
არეული კატეგორიების გადანაცვლება-მოწესრიგება და დაცლილი კატეგორიების შევსება.
ასეთი აუდიტის ჩატარება თავისუფლად შეგიძლიათ ინტეგრირებული სასაწყობე სისტემით.
5. სააღრიცხვო სისტემის დანერგვა
საწყობის მართვის პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც არა მარტო პრობლემებისა და შეცდომების გამოვლენა-მართვაში დაგეხმარებათ, არამედ საწყობში პასუხისმგებელ პირთა სწორ კომუნიკაციასა და საქმის სწორად დელეგირებაშიც. მისი ეფექტური გამოყენებისთვის კარგია უნიკალური ID მეთოდის გამოყენება. ის შესაძლებელს ხდის თითოეულ იდენტიფიკატორზე მიბმული აქტივობის მონიტორინგს რეალურ დროში და შესაბამისად, შეცდომის გამომწვევი მიზეზის სწრაფად დაფიქსირებას. ამის შემდეგ, შეძლებთ ინფორმაცია გადაამისამართოთ ზუსტ შემსრულებელთან და მიიღოთ მყისიერი უკუკავშირი, რათა ხარვეზი დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას. ეს პროცესი ასევე ზრდის ID-იდენტიფიკატორზე მიბმული თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, შეცდომების დაშვების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
Comentarios