top of page

რეგიონთაშორისი გაცვლითი კონფერენცია "Tech Her Way: From Learning to Leading in Tech"

  • 4 hours ago
  • 2 min read

29 აპრილს, ​"ი​ქომერს ასოციაცია-საქართველოს" წარმომადგენლები დაესწრნენ რეგიონთაშორის გაცვლით კონფერენციას "Tech Her Way: From Learning to Leading in Tech“​. ღონისძიება მიზნად ისახავდა ტექნოლოგიურ სექტორში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის გაძლიერებას. კონფერენცია გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) და გააერთიანა​  ინდუსტრიის ლიდერები, ინოვატორები და საერთაშორისო პარტნიორები, რათა განეხილათ გენდერის, ტექნოლოგიებისა და მომავლის უნარები​ს თემები.


კონფერენცია გაიხსნა მაღალი დონის პლენარული სესიით, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალთა მონაწილეობა ტექნოლოგიებში არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია. BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის მოდერატორობით გამართულ დისკუსიაში ყურადღება გამახვილდა რეგიონულ უთანასწორობაზე და ინკლუზიური ზრდის საჭიროებაზე. სპიკერებს შორის იყვნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში,​ - პაველ ჰერჩინსკი; იაპონიის ელჩი საქართველოში​ - იშიზუკა ჰიდეკი; ასევე დანიისა და ნორვეგიის საელჩოების და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ერთხმად აღნიშნეს​, რომ მნიშვნელოვანია სექტორთაშორისი ​თ​ანამშრომლობის გაძლიერება ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის დასაძლევად.


ინოვაცია, ინკლუზიურობა და შთაგონება


პროგრამა დაეთმო როგორც ინდივიდუალურ მოხსენებებს, ისე პანელურ დისკუსიებს. EBAN-ის საბჭოს წევრმა, აუდრა შალალმა, თავის შთამაგონებელ გამოსვლაში სტარტაპის შექმნის პროცესი მარათონს შეადარა და ხაზი გაუსვა გამძლეობის, მდგრადობისა და სტრატეგიული აზროვნების მნიშვნელობას.

პანელურ სესიაზე ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიურ სფეროში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) მნიშვნელობაზე. მომხსენებლებმა განიხილეს სისტემური ბარიერების დაძლევის გზები და ინკლუზიური გუნდების როლი ინოვაციისა და ბიზნესის წარმატებაში. საკუთარი გამოცდილება გააზიარეს ისეთი კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორიცაა December32, Tegeta, Intellias და EPAM Georgia, რომლებმაც სამართლიანი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბების პრაქტიკული მეთოდები მიმოიხილეს.


Helio AI-ის თანადამფუძნებელმა, ნათია კუხილავამ, თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა AI-ინდუსტრიაში ლიდერობის პერსპექტივებსა და მომავალი AI-ეკონომიკისთვის მზაობის აუცილებლობაზე. პარალელურად, დისკუსიები შეეხო გენდერულად ინკლუზიური ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და ახალ ტექნოლოგიებში თანასწორობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.


განათლება და ეკოსისტემის განვითარება


მეორე სესია მიეძღვნა განათლების როლს გენდერული ციფრული უთანასწორობის შემცირების პროცესში. TBC Bank-ის, Mastercard-ისა და საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს STEM-განათლების ხელმისაწვდომობის, ინკლუზიური სასწავლო პროგრამების განვითარებისა და ქალთა გაძლიერებაში ინსტიტუციური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამასთა, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ინფორმატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების დაჯილდოების ცერემონია, რითაც ხაზი გაესვა ახალგაზრდა თაობის მოტივირებისა და მათი მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობის საჭიროებას.


ქალი მეწარმეების გაძლიერება


მესამე სესიაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერებაზე, განსაკუთრებული აქცენტით ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: ციფრული უნარები, ელექტრონული კომერცია, ფინტექი და ხელოვნური ინტელექტი. დისკუსია ეხმიანება საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის მიზნებს და ხაზს უსვამს რეგიონში ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობას.


ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის, სტარტაპების მასშტაბირებისა და ინოვაციების ეფექტურად გამოყენების გზებზე. სესიის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ მდგრადი ბიზნესის მშენებლობისთვის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და პროფესიული განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


დიალოგიდან მოქმედებამდე


​ღონისძიება დასრულდა ინტერაქ​ციული სესიით, სადაც ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა კარიერულ განვითარებასა და დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე. კონფერენციის ფინალურ ნაწილში შეჯამდა ძირითადი მიგნებები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, რაც განხილული ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს​.



 
 
bottom of page