Doing Digital Forum 2026
- Apr 8
- 1 min read
Updated: Apr 14
8 აპრილს ერევანში გამართულ Doing Digital Forum 2026-ზე, რომელიც ციფრული ეკონომიკის ლიდერებს აერთიანებს, იქომერს ასოციაცია-საქართველო წევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი. 2023 წლის შემდეგ, DDF ფორუმი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო პლატფორმად სომხეთში, რომელიც ფოკუსირებულია ციფრული ეკონომიკის, ფინტექისა და პლატფორმული ტრანსფორმაციის მიმართულებაზე. წელს ფორუმმა გააერთიანა ათასამდე მონაწილე, მათ შორის სამთავრობო და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, წამყვანი ბანკების CEO-ები, ფინტექის დამფუძნებლები, დიდი კორპორაციები და ტექნოლოგიური მიმწოდებლები.
წლების განმავლობაში ფორუმი საერთაშორისო დონის სპიკერებსა და ორგანიზაციებს (Amazon, Visa, Deloitte) მასპინძლობდა. გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიება ყოფილა, სადაც გლობალური გამოცდილება ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებებს დაუკავშირდა. DDF2026-ის ფარგლებში, Amazon Web Services-ის, Visa-სა და Ant International-ის (Alipay/Alibaba) წარმომადგენლებმა AI-ტრანსფორმაციასა და საგადახდო სისტემების მომავალზე ისაუბრეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანელური დისკუსიები რეგიონულ რეგულაციებსა და ინოვაციებზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, იქომერს ასოციაცია - საქართველოს თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი ლადო კანდელაკი მონაწილეობდა.
DDF2026-ის თემა იყო “Bridging Platforms & Economies”, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ როგორ ცვლის რეგიონალურ კომერციას და უწყობს ხელს საზღვრისპირა ზრდას მეზობელ ბაზრებში ციფრული პლატფორმები, მარკეტფლეისები, გადახდები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურა. ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იქომერს ასოციაცია-საქართველოს წევრებისთვის, რამდენადაც შექმნა უნიკალური შესაძლებლობა ახალი პარტნიორობების დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
პლატფორმა განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა ელექტრონული კომერციის, ფინტექის, საცალო ვაჭრობისა და ციფრული სერვისების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, რომელთაც საშუალება მიეცათ, ერთ სივრცეში დაჰკავშირებოდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა თუ პოტენციურ პარტნიორებს. რეგიონის ციფრული ეკონომიკის განვითარების ფონზე, მსგავს ფორუმებში მონაწილეობა გადამწყვეტი ნაბიჯია საერთაშორისო დიალოგის წარმართვისა და ახალი სტრატეგიული შესაძლებლობების ათვისების გზაზე.


























