top of page

eCommerce Georgia 2026

5 hours ago
3 min read

6 ნოემბერს, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის რიგით მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება — "eCommerce Georgia 2026" გაიმართა. კონფერენციამ ელექტრონული კომერციის სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს, ბიზნესლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებს მოუყარა თავი. ღონისძიების მთავარი მიზანი ელექტრონული კომერციის განვითარების მიმდინარე ტენდენციების, ახალი შესაძლებლობებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო.


ელექტრონული კომერციის მომავალი — საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება


"eCommerce Georgia 2026"-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების ერთ სივრცეში თავმოყრა იყო. კონფერენციის სცენაზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები წარდგნენ, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება, ინდუსტრიის მიგნებები და კომერციის მომავალთან დაკავშირებული ხედვები გაუზიარეს.


სპიკერებს შორის იყვნენ დოდი მალაზონია — Bank of Georgia-ს ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ ჩახვაშვილი — Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი; მოჰამედ ბარდასტანი — Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში; ლუკა ხალაძე — WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გაბუნია — UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი; ნინო ტომარაძე — Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი; დაზ აკბაროვი — Amazon Web Services-ის გადაწყვეტების არქიტექტორი; იასმინ მარიჩი — eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი; არჯუნ სარკარი — Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი; მაქსიმ მოროზოვი — Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; როზერინ ალპი — Inspark-ის გადაწყვეტების ინჟინერი და ილია გიჯაშვილი — QuickShipper-ის თანადამფუძნებელი.


რა განსაზღვრავს კომერციის ახალ ეტაპს?


წლევანდელი კონფერენციის დღის წესრიგი იმ სამ ძირითად მიმართულებას დაეთმო, რომლებიც ელექტრონული კომერციის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს: საცალო ვაჭრობის ტრანსფორმაცია, ბიზნესის ზრდის ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა.


მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი საცალო ვაჭრობაში, მრავალარხიანი და სოციალური კომერციის განვითარება, მომხმარებლის ნდობის მნიშვნელობა, გადახდებისა და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, ასევე ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები.


დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ თანამედროვე კომერციაში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბიზნესებს აღარ შეუძლიათ მხოლოდ გაყიდვების ტრადიციულ არხებზე დაყრდნობა. ტექნოლოგიური ცვლილებები, მომხმარებლის მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრების ხელმისაწვდომობა კომპანიებისგან ახალ მიდგომებსა და სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს.


პრაქტიკული ცოდნა: ვორქშოფი საქართველოს ბანკისგან


ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა — თინათინ ტყეშელაშვილმა და ლია დარსალიამ — ჩაატარეს პრაქტიკული ვორქშოფი თემაზე „Total Control of Your Payments with the New Business Manager“.


ვორქშოფი დაეთმო გადახდების მართვის ახალ შესაძლებლობებსა და ბიზნესებისთვის ფინანსური ოპერაციების კონტროლის გაუმჯობესებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ბანკის Business Manager-ის ახალ ფუნქციონალს და მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია გადახდების მართვის პროცესების შესახებ.


ორი პანელური დისკუსია — მომხმარებლის გამოცდილებიდან ლოგისტიკის გამოწვევებამდე


კონფერენციის ფარგლებში ორი პანელური დისკუსია გაიმართა, რომლებმაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი კითხვები წამოჭრა.


პირველი პანელის — „ვის ეკუთვნის მომხმარებელი?“ — მთავარი საკითხი იყო, ვის ხელშია მომხმარებელთან რეალური კავშირი და როგორ ნაწილდება გავლენა საცალო მოვაჭრეებს, მარკეტფლეისებს, სოციალურ პლატფორმებსა და AI აგენტებს შორის. დისკუსიამ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთან ურთიერთობის ტრანსფორმაციასა და იმაზე, თუ როგორ იცვლება ბიზნესების როლი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში.


მეორე პანელი — „ბოლო მილის რბოლა: სისწრაფე, ფასი თუ მომხმარებლის გამოცდილება?“ — ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევას დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ უნდა შეძლონ კომპანიებმა მიწოდების პროცესის ოპტიმიზაცია, ხარჯების მართვა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება ისე, რომ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.


ტექნოლოგიები პრაქტიკაში: დემო ლაივ სესიები


თეორიულ განხილვებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსაც.


Amazon Web Services-მა შოპინგში ხელოვნური ინტელექტის აგენტების შესაძლებლობები წარმოადგინა და აჩვენა, როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებამ მომხმარებლის სავაჭრო გამოცდილება შეცვალოს.


Glovo-მ საკუთარი პლატფორმის მაგალითზე აპლიკაციაში რეკლამის მუშაობის პრინციპები და ციფრული სარეკლამო შესაძლებლობები გააზიარა.


Admagica.ai-მ კი მონაწილეებს აჩვენა, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სულ რამდენიმე წუთში პროფესიონალური სარეკლამო კონტენტის შექმნა.


დემო სესიებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები მხოლოდ სამომავლო პერსპექტივა აღარ არის — ისინი უკვე ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.


eCommerce Georgia 2026 — ცოდნისა და თანამშრომლობის სივრცე


ელექტრონული კომერციის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა და პროფესიული კავშირების გაღრმავება.


eCommerce Georgia 2026 ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესები, საერთაშორისო ექსპერტები, ტექნოლოგიური კომპანიები და ელექტრონული კომერციით დაინტერესებული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ მოესმინათ ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლებისთვის, არამედ დაემყარებინათ ახალი საქმიანი ურთიერთობები და აღმოეჩინათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.


როგორც იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი აღნიშნავს, eCommerce Georgia მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის იმ ცვლილებებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაცნობას, რომლებიც თანამედროვე კომერციის განვითარებას განსაზღვრავს, ამასთანავე, პროფესიული შესაძლებლობებისა და ბიზნესკავშირების გაფართოებას.


გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark

ინოვაციების პარტნიორი: Visa


პარტნიორები: Galt & Taggart, Web Features, UGT Cloud, Glovo, Amazon Web Services, Extra.ge, Creatio, Boxette Georgia, Kiwi Post, Retailgrid, Aramex, MAVA, Quickshipper, Onway, Port:80, Johnnie Walker, AdMagica, Dressup.ge, SKUFUND 


ქომიუნითი პარტნიორები: Azfina, Dubai CommerCity, eCommerce Community Azerbaijan, eComm Association in Bosnia and Herzegovina, UNIEF


ოფიციალური გლობალური მედია და PR პარტნიორი:  PR to SKY 

მედია პარტნიორები: Marketer.ge, BMG, On.ge, IPN.ge, BPN.ge


იქომერს ასოციაცია საქართველო მადლობას უხდის თითოეულ სპიკერს, პარტნიორსა და მონაწილეს ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის.


eCommerce Georgia 2026 დასრულდა, თუმცა ინდუსტრიის განვითარება გრძელდება. ახალი იდეები, გაზიარებული გამოცდილება და დამყარებული კავშირები ქმნის საფუძველს უფრო ძლიერი ელექტრონული კომერციის ეკოსისტემისთვის საქართველოში.



 
 
bottom of page