top of page

ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია თბილისში 🌏

  • 5 hours ago
  • 1 min read

12–13 მარტს თბილისში უკვე მეორედ გაიმართა ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიზნესპლატფორმად ჩამოყალიბდა საქართველოში. ღონისძიება გაიმართა Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში და ორი დღის განმავლობაში მას მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.


გამოფენამ ერთ სივრცეში გააერთიანა ლოგისტიკური კომპანიები, პორტების, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების სექტორის წარმომადგენლები, საწყობებისა და ტერმინალების ოპერატორები, ასევე საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტები. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების ან დასაწყობების სფეროში საქმიანობენ ან მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით განვითარებას.


დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ სივრცეში შეხვედროდნენ 50-მდე ლოგისტიკურ კომპანიას, გაცნობოდნენ სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტს და მოეძებნათ ახალი პარტნიორები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, ბიზნესის წარმომადგენლები და საერთაშორისო ლოგისტიკური სექტორის მონაწილეები. გამოფენას ასევე დაესწრო "იქომერს ასოციაცია საქართველოს" წარმომადგენლობა, რომლისთვისაც მსგავსი პლატფორმები მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კონტექსტში.


ღონისძიების პარალელურად გაიმართა ორდღიანი კონფერენცია, სადაც დარგის ექსპერტებმა და კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს ლოგისტიკის სექტორის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა კორიდორის (Middle Corridor) სტრატეგიული მნიშვნელობას; ზანგეზურის მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს; ლოგისტიკის სექტორის მიმდინარე გამოწვევებს საქართველოში; ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებს; ციფრული ლოგისტიკის განვითარებას.


ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსგავსი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექტორის განვითარებაში, როგორც ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების, ისე რეგიონული სატრანსპორტო შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის მიმართულებით.



 
 
bottom of page