top of page

მსოფლიო ელექტრონული კომერციის ფორუმი სტამბულში: WORLDEF Istanbul, 2024



მსოფლიო ელექტრონული კომერციის ფორუმი, WORLDEF Istanbul 2024, გამორჩეული და საინტერესოდ წარმატებული ღონისძიება იყო.


“იქომერს ასოციაცია საქართველო”-მ წაიყვანა დელეგაცია, რომელიც შედგებოდა ქართული იქომერსის წარმომაგდენლებისგან.  


ამ სტატიაში გიზიარებთ “იქომერს ასოციაცია საქართველო”-ს თავმჯდომარის, ლადო კანდელაკისა და ასოციაციის წევრების უკუკავშირს ივენთის შესახებ.


ლადო კანდელაკი:


ღონისძიების მიმოხილვა

ამ ფორუმზე მომიწია მონაწილეობა, რომელიც უმთავრესად აერთიანებდა მსოფლიოში წამყვან ბრენდებს, ექსპერტებსა და პროფესიონალებს ელექტრონული კომერციის სფეროში. WORLDEF Istanbul 2024-ზე განხილული იყო უახლესი ტენდენციები, ინოვაციები და სტრატეგიები, რომლებიც ამ სექტორში გამოიყენება. 

ღონისძიებას უამრავი კომპანია და სტუმარი ესწრებოდა. შედგა საინტერესო შეხვედრები და აღსანიშნავია, რომ თურქ ბიზნეს სექტორს დიდი ინტერსი აქვს საქართველოს მიმართ, მისი უნიკალური ლოკაციის გამო. 

პანელზე მე, ლადო კანდელაკი და veli.store-ის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ ფირიაშვილი ვიღებდით მონაწილეობას. დისკუსიის ძირითადი თემა იყო საქართველოში თუ რა გამოწვევებია ონლაინ გაყიდვების მიმართულებით.


მიღებული სარგებელი

1. ახალი კავშირები და პარტნიორობები:

ფორუმზე ქართველმა დელეგაციამ შეძლო ახალი საერთაშორისო პარტნიორობების დამყარება. ეს ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.

2. ინოვაციური ტექნოლოგიები:

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია, რომლებიც დაეხმარება ქართულ ბიზნესებს, გააუმჯობესონ საკუთარი სერვისები და ოპერაციები.

3. გამოცდილების გაზიარება:

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ექსპერტების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო. მათ გააზიარეს თავიანთი წარმატებული სტრატეგიები და ინოვაციები, რომლებიც უკვე დანერგილია ელექტრონული კომერციის სფეროში.


ქართული ელექტრონული კომერციის საზოგადოების შეფასება

ფორუმის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება. მათი თქმით, WORLDEF Istanbul 2024 იყო უნიკალური პლატფორმა, რომელიც ქართული ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს გახსნის.


“ამ ფორუმმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ბაზარი მსოფლიო ტენდენციებთან თანასწორია და შესაძლებლობა გვაქვს, გავაგრძელოთ განვითარება საერთაშორისო დონეზე,” - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.


მსოფლიო ელექტრონული კომერციის ფორუმი სტამბულში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართული ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით. ღონისძიებამ მოგვცა შესაძლებლობა, გავეცნოთ უახლეს ტენდენციებს და ინოვაციებს, დავამყაროთ ახალი პარტნიორობები და გავზარდოთ ჩვენი ბაზრის პოტენციალი.


ასოციაციის წევრების უკუკავშირი:


DELIVO

აღნიშნულმა კონფერენციამ, ჩვენი კომპანიისთვის ძალზედ ნაყოფიერად ჩაიარა, ვინაიდან შევხვდით მრავალ პოტენციურ დამკვეთს, რომელთაც საქართველოში ყველაზე ხარისხიანი და მოსახერხებელი ლოჯისტიკური მომსახურება სურთ. ასევე დავესწარით სხვადასხვა ტიპის გამოსვლას, იყო ეს მსხვილი კომპანიები თუ ადამიანები, რომელთაც გააჩნდათ უდიდესი კომპეტენცია ელკომერციის განვითარების მიმართულებით.

საბოლოო ჯამში, კომპანიისთვის აღნიშნულ კონფერენციაზე დასწრება, მრავლისმომტანი იყო როგორც ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე გაფართოება-განვითარების მიმართულებით. 


VELI STORE

“ველი ახალგაზრდა კომპანიაა და ჩვენთვის გლობალურ ასპარეზზე საკუთარი გამოცდილებისა და კომპანიის განვითარების უნიკალური გზის გაზიარება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რაშიც თურქეთის ღონისძიება და “იქომერს ასოციაცია საქართველო” დაგვეხმარა” - არჩილ ფირიაშვილი, ველის აღმასრულებელი დირექტორი.


BOXETTE 

ძალიან სიანტერესო ღონისძიება იყო, წარმოდგენილნი იყვნენ ლოჯისტიკასა და იქმერსში მონაწილე თურქული კომპანიები. შედგა რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა და საუბარი, სადაც გამოიკვეთა პოტენციური თანამშრომლობების შესაძლებლობები. ვაგრძელებთ ამ კომპანიებთან კომუნიკაციას.


6-8 ივნისს სტამბულში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი eCommerce ღონისძიება ,,Worldef Istanbul 2024" გაიმართა, რომელსაც 20,000-მდე სტუმარი, 200-ზე მეტი სპიკერი და 40-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ Amazon, Trendyol, Alibaba Group და სხვა.  

ღონისძიება რეგულარულად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მიზნად ისახავს ინოვაციებისა და სიახლეების გაზიარებას გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად.

“Worldef Istanbul 2024”-ს ელიტ ელექტრონიქსის შვილობილი კომპანიის "პოპმარტის" წარმომადგენლებიც ვესწრებოდით. დიდი და თანამედროვე ბრენდების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ვორქშოფები და გამოსვლები გახდა უდიდესი ინსპირაციის წყარო, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ბრენდის ქცევისა და განვითარების მიმართულება, რადგან  უახლესი ტექნოლოგიებისa და წარმატებული ქეისების საფუძვლიანად გაცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისეთი დამწყები ონლაინ პლატფორმისთვის, როგორიც პოპმარტია.



ჩვენი ასოციაცია მადლობას უხდის WORLDEF-ის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ უნიკალური გამოცდილების მიღებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფორუმი იქნება ქართული ბიზნესების წარმატების ახალი ფურცელი.

Kommentit


bottom of page