top of page

ევროკავშირის ახალი რეგულაცია: როგორ შეიცვლება ონლაინ შოპინგი Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან?

  • 1 day ago
  • 2 min read

1 ივლისიდან ევროკავშირმა მცირე ღირებულების იმპორტის წესები შეცვალა და ჩინეთიდან გაგზავნილ დაბალფასიან ამანათებზე ახალი, 3-ევროიანი მოსაკრებელი დააწესა. ეს ეხება იმ გზავნილებსაც, რომლებიც აქამდე საბაჟო გადასახადის გარეშე შედიოდა ევროკავშირის ბაზარზე.


ევროკავშირის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს უფრო სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნას. მათი შეფასებით, ისეთი ონლაინ პლატფორმები, როგორიცაა Shein, Temu და AliExpress, წლების განმავლობაში სარგებლობდნენ არსებული შეღავათებით, რაც მათ ფასობრივ უპირატესობას აძლევდა და ადგილობრივ მწარმოებლებს არათანაბარ პირობებში აყენებდა.

ახალი წესის მიხედვით, 3-ევროიანი მოსაკრებელი დაწესდება თითოეულ საბაჟო კატეგორიაზე. მაგალითად, თუ ამანათში სამი განსხვავებული ტიპის პროდუქტი იქნება, გადასახადი მთლიანობაში 9 ევროს შეადგენს, ხოლო თუ რამდენიმე ერთნაირი ნივთი იქნება, მხოლოდ 3 ევროს გადახდა იქნება საჭირო.


მცირე ღირებულების იმპორტისთვის მოქმედი საბაჟო შეღავათი მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, ხოლო 150-ევროიანი ზღვარი 2008 წელს ამოქმედდა. თუმცა, ბოლო წლებში ონლაინ ვაჭრობის სწრაფი ზრდის გამო, ევროკავშირში შესული ასეთი ამანათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა — 2022 წლის 1.4 მილიარდიდან 2025 წელს 5.8 მილიარდამდე.


ევროპარლამენტარი დირკ გოტინკი აცხადებს, რომ ეს შეღავათი მაშინ შეიქმნა, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა სრულიად განსხვავებულ გარემოში მიმდინარეობდა. მისი თქმით, ელექტრონული კომერციის განვითარებამ, განსაკუთრებით ჩინეთიდან, ძველი სისტემა არაეფექტიანი გახადა და ხშირად არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ინსტრუმენტად იქცა.


აღნიშნული ცვლილებებისთვის Shein-მა წინასწარ დაიწყო მზადება და პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სასაწყობო ინფრასტრუქტურა გააფართოვა, რათა ევროკავშირის ტერიტორიაზე პროდუქცია უფრო დიდი პარტიებით შეეტანა. 3-ევროიანი მოსაკრებელი დროებითი ღონისძიებაა. ევროკავშირის გეგმის მიხედვით, 2028 წლის 1 ივლისიდან იგი შეიცვლება ახალი საბაჟო სისტემით, რომელიც საქონლის კატეგორიების მიხედვით განსხვავებულ გადასახადებს დააწესებს.


ექსპერტების შეფასებით, ახალი რეგულაციები სავარაუდოდ მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან ონლაინ პლატფორმები დამატებითი ხარჯების ნაწილს ფასებში ასახავენ. AliExpress-მა უკვე განაცხადა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე მყიდველებს ეცნობებათ, თუ ფასი საბაჟო გადასახადსა და დღგ-ს მოიცავს, ხოლო სხვა შემთხვევებში ყველა დამატებითი გადასახადი შეკვეთის დასრულებამდე გამოჩნდება.


Amazon-ის ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირში მისი გზავნილების 97% უკვე ადგილობრივი ევროპული საწყობებიდან გაიგზავნა, ხოლო იმ პროდუქტებზე, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებს გარედან იგზავნება, მომხმარებლები წინასწარ იხილავენ ყველა შესაბამის საიმპორტო ხარჯს.

 
 
bottom of page