Alipay+ საქართველოში შემოდის
Alipay+, Ant International-ის გლობალური ციფრული გადახდების ეკოსისტემა, ოფიციალურად იწყებს ოპერირებას საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ახლად ლიცენზირებული ნეო ჯორჯიან ბანკისთვის, რომლის პირველი მასშტაბური საბანკო-ტექნოლოგიური შეთავაზება სწორედ Alipay+-ის გადახდების ეკოსისტემის ინტეგრაცია იქნება.
თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ნეო ჯორჯიან ბანკი საქართველოში Alipay+-ის ექსკლუზიური პარტნიორი ხდება. ბანკი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორისთვის ცენტრალიზებული ტექნოლოგიური, გადახდების დამუშავებისა და ანგარიშსწორების ჰაბის ფუნქციას შეასრულებს.
Alipay+-ის საქართველოში დანერგვა ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ადგილობრივი ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. გლობალური ეკოსისტემა აერთიანებს 50-ზე მეტი საერთაშორისო ციფრული საფულის პროვაიდერის 2 მილიარდზე მეტ მომხმარებლის ანგარიშს და მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტს. მისი ინტეგრაცია გადახდების
სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს:
პირდაპირი წვდომა აზიის მზარდ ბაზრებზე – ქართული კომპანიები და მეწარმეები შეძლებენ, მიიღონ საერთაშორისო გადახდები ჩინეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და მსოფლიოს სხვა ბაზრებიდან, შუამავალი რგოლებით გამოწვეული დამატებითი სირთულეების გარეშე.
ტრანზაქციული ხარჯების შემცირება – QR-კოდზე დაფუძნებული გადახდების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკომისიოებისა და დამატებითი ხარჯების შემცირებას როგორც სავაჭრო ობიექტებისთვის, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა – საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან, ადგილობრივ სავაჭრო, კვებისა და მასპინძლობის ობიექტებში გადახდას საკუთარი ქვეყნის ციფრული საფულეებისა და მობილური აპლიკაციების გამოყენებით, QR-კოდის მარტივი დასკანერებით შეძლებენ.
კომფორტული გადახდები საზღვარგარეთ მოგზაური ქართველებისთვის – ქართველი მოგზაურები და ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ, მარტივად განახორციელონ გადახდები აზიის ქვეყნებსა და Alipay+-ის გლობალური ქსელის სავაჭრო ობიექტებში, რაც მათ დამატებითი საკომისიოებისა და არახელსაყრელი კონვერტაციის პირობების თავიდან აცილებაში დაეხმარება.
კახა კოდუა, ნეო ჯორჯიან ბანკის გენერალური დირექტორი:
„Alipay+-ის საქართველოში შემოყვანა და ამ პარტნიორობის ჩამოყალიბება ერთი ბანკის საქმიანობის ფარგლებს სცდება – ჩვენ საქართველოს ფინანსურ სისტემასა და ეროვნულ ეკონომიკას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გადახდების ქსელთან ვაკავშირებთ. ეს ჩვენი ბანკის პირველი ტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც ქართულ ბიზნესებს აზიისა და საერთაშორისო ბაზრების მომხმარებლებთან პირდაპირი და მნიშვნელოვნად უფრო ხარჯეფექტიანი წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
დღეს ფინანსები ეროვნული საზღვრებით აღარ შემოიფარგლება. საქართველოს ეკონომიკა გლობალური ფინანსური და სავაჭრო ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ეს შეთანხმება კი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ რუკაზე ახალ სტრატეგიულ პოზიციას ანიჭებს.“
ლეიმინგ ჩენი, Ant International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მდგრადობის მთავარი ოფიცერი:
„ტრანსსასაზღვრო კავშირი ციფრული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ამ შესაძლებლობით სარგებლობა ყველა ზომის ბიზნესს უნდა შეეძლოს.
ჩვენი საქმიანობა ერთი მთავარი პრინციპით დაიწყო: ადამიანებს უნდა შეეძლოთ გადახდების განხორციელება იმ აპლიკაციებით, რომლებსაც უკვე ენდობიან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ხოლო ბიზნესებს, განურჩევლად მათი ზომისა, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი საზღვრების მიღმა ახალ მომხმარებლებს მიაღწიონ. ნეო ჯორჯიან ბანკში ვხედავთ პარტნიორს, რომელიც ჩვენს ხედვას იზიარებს.
ერთად ვქმნით ერთიან ეროვნულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გლობალურ ქსელთან დაკავშირება შეეძლებათ, ხოლო ყველა ზომის სავაჭრო ობიექტი – მსხვილი საცალო ქსელებიდან მცირე საოჯახო ბიზნესებამდე – საერთაშორისო მომხმარებლებს მოემსახურება. დროთა განმავლობაში ეს სისტემა ორივე მიმართულებით იმუშავებს და ქართველ მოგზაურებსაც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ გადახდის იმავე სიმარტივითა და კომფორტით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.“
პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ადგილობრივი ბანკების ცენტრალიზებულ გადახდების ქსელში ინტეგრაციას, QR-კოდით გადახდების მიღების სისტემის საქართველოს მასშტაბით დანერგვას და ქართული ბარათებისა და გადახდის აპლიკაციების Alipay+-ის გლობალურ ეკოსისტემასთან სრულ თავსებადობას.
მარეგულირებელი ნებართვების მიღებისა და საწყისი საპილოტე ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პროექტის სრულმასშტაბიანი ოპერაციული დანერგვა 2027 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის იგეგმება.


