ვინ ჩანს Google-ში? უძრავი ქონების პლატფორმების კვლევა
„ქირავდება ბინა თბილისში 600 ლარი’’ - ამ ფრაზას Google-ში თვეში დაახლოებით 2,000-ჯერ ეძებენ. „ქირავდება ბინა თბილისში’’ კი დაახლოებით 1,500 ძიებას აგროვებს. ერთი შეხედვით, ეს ორი მსგავსი საძიებო ფრაზაა, თუმცა სინამდვილეში ისინი მომხმარებლის ქცევის ფუნდამენტურ ცვლილებას აჩვენებს.
ადამიანი Google-ში სულ უფრო ხშირად აკონკრეტებს სასურველ უბანს, ბიუჯეტს და ქონების ტიპს, რითაც ძიება უფრო პრაგმატული და მიზნობრივი ხდება. ამ ცვალებადი რეალობის ფონზე კი ჩნდება მთავარი კითხვა: უძრავი ქონების რომელი ქართული პლატფორმები ხვდებიან რეალურად საძიებო შედეგებში და როგორ ნაწილდება მათ შორის ბაზრის ორგანული ხილვადობა?


ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, SEO სააგენტო 10xSEO-მ ქართული უძრავი ქონების ციფრული ბაზარი მასშტაბურად შეისწავლა. კვლევაში 10 ყველაზე დიდი უძრავი ქონების პლატფორმა მოხვდა: myhome.ge, ss.ge-ის უძრავი ქონების მიმართულება, binebi.ge, korter.ge, livo.ge, binebi.info, housing.ge, place.ge, home.ge და gethome.ge.
წინამდებარე ანალიზი რამდენიმე წყაროს მონაცემებს აერთიანებს: Ahrefs-ის შეფასებებს, Google Trends-ის მონაცემებს, Google-ის საძიებო შედეგებს, ტექნიკურ მაჩვენებლებსა და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
Google-ში ძებნა უფრო კონკრეტული ხდება
ადრე თუ ადამიანი საძიებო სისტემაში ზოგად ფრაზას წერდა, დღეს მომხმარებელი ზუსტად უთითებს, რა სჭირდება - ის ითხოვს არა უბრალოდ „ბინას’’, არამედ „სამსაძინებლიან ბინას ვაკეში კონკრეტულ ფასად’’.
კვლევამ აჩვენა, რომ არაბრენდული ძიებები (როდესაც ადამიანი რომელიმე კონკრეტული საიტის სახელს კი არ ეძებს, არამედ ზოგადად პროდუქტს) სტაბილურია ან იზრდება, თუმცა ეს მოთხოვნა უფრო პატარა, კონკრეტულ მიმართულებებად იყოფა.
განსაკუთრებით სწრაფად იზრდება რამდენიმე სპეციფიკური სეგმენტი:
კომერციული უძრავი ქონება - წლიური ზრდა 64.9%-ია, თუმცა საწყისი მოცულობა თვეში 624 ძიებაა;
უცხოენოვანი ძიებები - რუსულენოვანი მოთხოვნები 48.8%-ით, ინგლისურენოვანი კი 112.5%-ით გაიზარდა, თუმცა ორივე შემთხვევაში საწყისი მოცულობა შედარებით მცირეა;
რეგიონული მიმართულებები - ბათუმთან დაკავშირებული მოთხოვნები წლიურად 45.1%-ით გაიზარდა და თბილისის შესაბამისი მოთხოვნების დაახლოებით 53%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში სეზონურობაც კარგად ჩანს: „ბინა ბათუმში’’ ყველაზე ხშირად ივლისში იძებნება.

ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მოზიდვას Google-ის საშუალებით ცდილობენ. ერთი ზოგადი გვერდის ნაცვლად, უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებულ გვერდებს - მაგალითად, ცალკე გვერდებს უბნების, ქალაქების, ფასის დიაპაზონებისა და ქონების ტიპების მიხედვით. მომხმარებელი Google-ში კონკრეტულ პასუხს ეძებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საძიებო შედეგშიც შესაბამისი გვერდი დახვდეს.
ვინ მართავს ბაზარს? ტრაფიკის განაწილება 10 უმსხვილეს პლატფორმას შორის
ათი პლატფორმის ჯამური ორგანული ტრაფიკი თვეში დაახლოებით 707,419 ვიზიტს შეადგენს. ამ მოცულობის 70.3% მხოლოდ ორ პლატფორმაზე მოდის - myhome.ge-სა და ss.ge-ის უძრავი ქონების მიმართულებაზე. დანარჩენი რვა - დარჩენილ 29.7%-ს იყოფს.https://ibb.co/0yds9rGThttps://ibb.co/5HX0p5w
პირველ ადგილზეა myhome.ge, რომლის თვიურ ორგანულ ტრაფიკს Ahrefs დაახლოებით 332 000 ვიზიტად აფასებს, თუმცა ამ მონაცემებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ Ahrefs-ის მიერ ნაჩვენები ინფორმაცია შეფასებითი ხასიათისაა და არ ეყრდნობა თავად პლატფორმების შიდა სტატისტიკას.
სეზონურობის კუთხით, 2025 წლის მარტი-აგვისტოსა და 2026 წლის იმავე პერიოდს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ ორი ყველაზე დიდი პლატფორმის საერთო წილი 67.43%-დან 70.32%-მდე გაიზარდა. ზოგადად, ერთი და იგივე თვეების შედარება უფრო ზუსტ სურათს გვაძლევს, რადგან უძრავი ქონების ძიება წლის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულია.
საგულისხმოა, რომ 2026 წლის ამ პერიოდში დანარჩენი ხუთი ყველაზე პატარა პლატფორმის საერთო წილი მხოლოდ 9.53% იყო. აქედან გამომდინარე, ათეულში ყოფნა ავტომატურად არ ნიშნავს Google-იდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზიტების მიღებას. ფაქტია, რომ ორგანული ტრაფიკი ძირითადად ზედა ნაწილშია თავმოყრილი.
ამ სურათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ემატება: ლიდერი პლატფორმების პოზიცია ყველა მაჩვენებლით ერთნაირი არ არის. მაგალითად, სხვადასხვა პერიოდში პლატფორმის წილის ცვლილებას, პროცენტულ კლებას და დაკარგული ვიზიტების რაოდენობას თუ ცალ-ცალკე შევხედავთ, პირველ ადგილზე სხვადასხვა სახელებს დავინახავთ. ამიტომ, ამ კვლევაში თითოეული მაჩვენებელი ცალკე განიხილება.
კოდი, სერვერი და ტრაფიკი: რატომ კარგავენ პლატფორმები პოზიციებს?
Google-ში კარგი პოზიციისთვის მხოლოდ განცხადებების რაოდენობა და მოთხოვნაზე მორგებული გვერდები არ კმარა. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად მარტივად შეუძლია Google-ს საიტის პოვნა, წაკითხვა და სწორად გაგება. თუ გვერდის მნიშვნელოვანი ნაწილი Google-ისთვის რთულად მისაწვდომია, ტექნიკური ხარვეზი ადრე თუ გვიან უარყოფითად აისახება პოზიციებზეც.
კვლევის ფარგლებში ათივე პლატფორმა 12 ტექნიკური კრიტერიუმით შემოწმდა, სადაც საშუალო შედეგმა 12-დან 7 ქულა შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 11 ქულა, korter.ge-მ აიღო, თუმცა საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი წილი ბაზარზე სწორედ ამ პლატფორმამ დაკარგა. ეს ფაქტი პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, მაგრამ მკაფიოდ აჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნიკური მდგომარეობისა და Google-ის რეალური პოზიციების ერთად განხილვა.
საბოლოო ჯამში, შემოწმებისას რამდენიმე სისტემური პრობლემა გამოიკვეთა:
Hreflang-ის ნაკლებობა: 8 პლატფორმას არ ჰქონდა სწორად გამართული ენობრივი ვერსიები.
Schema Markup-ის დეფიციტი: 7 საიტს განცხადებების გვერდებზე აკლდა სტრუქტურირებული მონაცემები.
Canonical და Sitemap ხარვეზები: 6 პლატფორმას უჭირს დუბლირებული გვერდების სწორად მართვა ან საიტის განახლების დროული თარიღების ასახვა.
მობილური ვერსიის სიჩქარე: 5 საიტის შემთხვევაში Lighthouse-ის მობილურმა ქულამ კრიტიკული 50-იანი ზღვარი ვერ გადალახა.
ეს ტექნიკური დეტალები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ კითხულობს Google საიტს. მაგალითად, canonical ეხმარება მას მსგავსი გვერდებიდან მთავარი ვერსიის არჩევაში, ხოლო hreflang მიუთითებს, რომელი ენობრივი გვერდი რომელ მომხმარებელს უნდა აჩვენოს. ასეთი მითითებების გარეშე Google-ს შეიძლება გაუჭირდეს გვერდების ერთმანეთისგან გარჩევა და სწორი ვერსიის არჩევა.
მნიშვნელოვანია ისიც, როგორ მიეწოდება გვერდის შინაარსი Google-ს. ზოგი პლატფორმა ძირითად ინფორმაციას პირდაპირ სერვერიდან მზა სახით აგზავნის, ზოგიერთთან კი შინაარსის ნაწილი მოგვიანებით JavaScript-ის საშუალებით იტვირთება. ორივე მიდგომა მისაღებია, თუმცა Google-სთვის უფრო მარტივია, როცა გვერდის ძირითადი შინაარსი პირდაპირ სერვერიდან მოდის.
რა ხდება Google-ის პირველ გვერდზე?
ორგანული ტრაფიკი ზოგად სურათს აჩვენებს, თუმცა ის ვერ ასახავს, რეალურად რამდენად ხშირად ხვდებიან პლატფორმები საძიებო სისტემის პირველ გვერდზე. ამის დასადგენად, კვლევის ფარგლებში 20 ძირითადი საძიებო ფრაზა გაანალიზდა და განისაზღვრა მათი ხილვადობის წილი საძიებო შედეგებში, ანუ ე.წ. Search Visibility Share (SOV).
20 საკვანძო ფრაზის მიხედვით, ლიდერები არიან myhome.ge (18.88%) და home.ss.ge (18.23%). მესამე ადგილზე Facebook.com გავიდა (8.00%) - ეს ცალსახად საინტერესო ფაქტია, რადგან Facebook უძრავი ქონების სპეციალიზებული პლატფორმა არ არის, თუმცა შესაბამის ძიებებზე მისი გვერდები ხშირად ჩნდება.
აღსანიშნავია housing.ge-ს დინამიკაც, რომლის ხილვადობის წილი 2.39%-დან 5.77%-მდე გაიზარდა, ხოლო პირველ ათეულში მოხვედრილი ფრაზების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაორმაგდა.
ფაქტია, რომ Google-ში პოზიციების შესაფასებლად მხოლოდ ტრაფიკის მოცულობა არ გამოიყენება. რეალური ხილვადობის დასანახად აუცილებელია იმის ანალიზი, თუ რამდენ საკვანძო ფრაზაზე და რა სიხშირით ჩნდება პლატფორმა საძიებო სისტემის პირველ გვერდზე.
რამდენად ხშირად ეძებენ უძრავ ქონებას უცხოეთიდან?
უცხოური ტრაფიკი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე შედარებით მცირეა, თუმცა ეს განაწილება რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას აჩვენებს. 2026 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ათივე საიტის ორგანული ტრაფიკი 797,374-ს შეადგენდა, მათგან 31,128, ანუ 3.90%, უცხოეთიდან მოდიოდა. უცხოური ტრაფიკის 82.9% სამ საიტზე იყო თავმოყრილი: korter.ge, myhome.ge და home.ss.ge.
ქვეყნების მიხედვით განსაკუთრებით გამოირჩეოდა იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი. ამ ხუთ ქვეყანაზე უცხოური ტრაფიკის დაახლოებით 30.1% ნაწილდებოდა, თუმცა მხოლოდ ქვეყნის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ ეძებდა ქართულ უძრავ ქონებას - უცხოელი მყიდველი, საქართველოში მცხოვრები უცხოელი თუ ქართველი ემიგრანტი.
ენების მიხედვით განსაკუთრებით შესამჩნევი იყო რუსულენოვანი მოთხოვნა. რუსულენოვანი ტრაფიკის 10,633-დან დაახლოებით 60% korter.ge-ს ეკუთვნოდა.

ამასთან, როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ათი საიტიდან რვას არ ჰქონდა სწორად გამართული hreflang. ეს ტექნიკური პარამეტრი Google-ს ეხმარება, სხვადასხვა ენისა და ქვეყნის მომხმარებელს შესაბამისი გვერდი აჩვენოს.
მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოური მოთხოვნა საერთო ორგანული ტრაფიკის მცირე ნაწილს შეადგენს და რამდენიმე საიტზეა კონცენტრირებული. ქვეყნებისა და ენების მონაცემები კი აჩვენებს, რომ ეს მოთხოვნა თანაბრად არ ნაწილდება.
უძრავი ქონება Google-ის AI პასუხებში
Google-ში ძიება უკვე მხოლოდ ვებგვერდების ჩამონათვალით არ შემოიფარგლება. ზოგიერთ მოთხოვნაზე მომხმარებელი პირდაპირ AI-ის მიერ მომზადებულ პასუხსაც იღებს, რომელსაც თან შესაბამისი წყაროების ბმულები ახლავს.
10xSEO-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში ექვსი საძიებო კითხვა შემოწმდა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. AI პასუხი ექვსივე შემთხვევაში გამოჩნდა. სამი კითხვა ქართულად იყო, ერთი - ინგლისურად და ორი - რუსულად.
ქართულ პასუხებში ყველაზე ხშირად myhome.ge და home.ss.ge მეორდებოდა. ორივე პლატფორმა უძრავი ქონების დიდი რაოდენობის განცხადებებთან იყო დაკავშირებული. ინგლისურენოვან პასუხში კი Myhome იყო რეკომენდებული, თუმცა პასუხში მესამე მხარის წყაროებიც გამოიყენებოდა.
ყურადღება ასევე გამახვილდა იმაზე, თუ რომელი პლატფორმები ხვდებოდა AI პასუხების წყაროებში. გაირკვა, რომ კვლევის მონაწილე საიტებიდან ყველაზე ხშირად korter.ge, myhome.ge და home.ss.ge ჩანდა. სამივე ერთად ციტატების დაახლოებით 95%-ს შეადგენდა.
ამ მონაცემების შეფასებისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: AI პასუხების ანალიზი შეზღუდული რაოდენობის საკვანძო ფრაზებს ეფუძნება. შესაბამისად, მიღებული შედეგები ასახავს არა გრძელვადიან ტენდენციას, არამედ კონკრეტული დროის მოცემულობას, რომელიც საძიებო სისტემის ალგორითმების ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა დინამიკურად შეიცვალოს.
ზოგადად, AI-ს მიერ გენერირებულ პასუხებში მოხვედრა ცალკე ტიპის ხილვადობას ქმნის. Google თავადაც აღნიშნავს, რომ AI პასუხებში ბმულების მიზანია მომხმარებლის შესაბამის ვებგვერდებთან დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობის მიცემა.
როგორ იცვლებოდა Google-ში პოზიციები დროთა განმავლობაში?
ტრაფიკის ცვლილებების უკან ხშირად კონკრეტული ტექნიკური მოვლენა დგას - და საარქივო მონაცემები ამის ნაწილობრივ დანახვის საშუალებას იძლევა.
ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი შემთხვევა myhome.ge-ს უკავშირდება. დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში პლატფორმა Google-ს გვერდის არასრულ შინაარსს აწვდიდა - სათაურების, აღწერებისა და ძირითადი ელემენტების გარეშე. 2026 წლის მაისში ეს მდგომარეობა გამოსწორდა და საიტმა საძიებო სისტემას სრული შინაარსი გაუგზავნა, რასაც თვალსაჩინო ზრდაც მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ დროში ეს დამთხვევა აშკარაა, მხოლოდ ამ მონაცემებით მათი ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირება შეუძლებელია.
განსხვავებული სურათია korter.ge-ს შემთხვევაში. მისი ორგანული ტრაფიკის ვარდნა 2025 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, თუმცა Wayback-ის ჩანაწერები ამ პერიოდში საიტზე კონკრეტულ თვალსაჩინო ცვლილებას არ აჩვენებს. შესაბამისად, კლების მიზეზი მხოლოდ საარქივო მონაცემებით ვერ დგინდება.
livo.ge-ს მაგალითი კი ცხადყოფს, რომ ტექნიკურმა ხარვეზმა შესაძლოა მხოლოდ დროებითი ზიანი გამოიწვიოს. 2026 წლის თებერვლის ბოლოს პლატფორმამ Google-ს შემცირებული მოცულობის შინაარსი გაუგზავნა, რასაც ტრაფიკის დროებითი ვარდნა მოჰყვა, თუმცა მაჩვენებელი მალევე თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა.
ამ შემთხვევებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Google-ში პოზიციები სტატიკური არ არის. ისინი პირდაპირ უკავშირდება საიტების ტექნიკურ გამართულობას, სადაც ცვლილებები შედეგებზე ხანდახან დადებითად, ხანაც უარყოფითად აისახება.
ვინ რომელ ადგილზეა? ათივე პლატფორმის ინდივიდუალური შედეგი
საერთო სურათს მიღმა, ათივე პლატფორმის ინდივიდუალური შედეგი მკვეთრად განსხვავებულია: ზოგი ზრდის ორგანულ ხილვადობას, ზოგის მდგომარეობა სტაბილურია, ზოგმა კი პოზიციები მნიშვნელოვნად დათმო. თითოეული მოთამაშის დინამიკა სრულიად სხვადასხვა რეალობას აჩვენებს:
Myhome.ge: პლატფორმამ წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 45,000-ით მეტი ყოველთვიური ორგანული ვიზიტი მიიღო. ეს ზრდა Google Ads-ის საშუალო ტარიფებით თვეში დაახლოებით 3,400 დოლარის ეკვივალენტია (ცხადია, აქ სარეკლამო ღირებულება იგულისხმება და არა რეალური შემოსავალი).
Korter.ge: საიტმა დაახლოებით 26,200 ვიზიტი დაკარგა (რაც დაახლოებით 2,000 დოლარის სარეკლამო ღირებულებას უდრის), ხოლო მისი ბაზრის წილი - 2.43%-ით შემცირდა.
Gethome.ge: პლატფორმამ პროცენტულად ყველაზე მეტი - 58.6% დაკარგა, თუმცა, მნიშვნელოვანია განხვავება: მცირე პლატფორმაზე მაღალი პროცენტული კლება შეიძლება ვიზიტების რაოდენობაში არც ისე დიდ ცვლილებას ნიშნავდეს.
binebi.ge: ექვსთვიან პერიოდში პლატფორმის ტრაფიკი 19.3%-ით გაიზარდა, თუმცა ერთი წლის წინანდელ იმავე პერიოდთან შედარებით სხვაობა მხოლოდ −1.1%-ია. ამიტომ ეს ზრდა ძირითადად სეზონურ ეფექტს უკავშირდება.
Home.ss.ge: შედეგები მნიშვნელოვნად იცვლება იმის მიხედვით, რომელ პერიოდებს ვადარებთ ერთმანეთს. წლიურ ჭრილში ტრაფიკი 11.6%-ით შემცირდა, თუმცა 2025 და 2026 წლების მარტი-ივნისის მონაცემების შედარებისას პლატფორმამ 8.8%-იანი ზრდა აჩვენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სეზონურობის გათვალისწინება და ერთი და იმავე თვეების შედარება.
რაც შეეხება დანარჩენ პლატფორმებს, მათი წილი ბაზარზე მცირეა და შესაბამისად, ინდივიდუალური რყევებიც საერთო სურათს არსებითად არ ცვლის.
საბოლოო ჯამში, ათივე პლატფორმის შესაფასებლად მხოლოდ ერთი რიცხვი საკმარისი არ არის. ტრაფიკის მოცულობა, ბაზრის წილი, ცვლილების პროცენტი და დაკარგული თუ მიღებული ვიზიტების სარეკლამო ღირებულება ერთად გვაძლევს სრულ სურათს იმის შესახებ, თუ რეალურად ვინ იმარჯვებს და ვის უჭირს Google-ში პოზიციების შენარჩუნება.
რა რჩება კვლევის მიღმა?
მნიშვნელოვანია, ზუსტად განვასხვაოთ, რას აანალიზებს წინამდებარე კვლევა და სად მთავრდება მისი რესურსი. ანალიზი ფოკუსირებულია ორგანულ ხილვადობასა და ტრაფიკზე, თუმცა ის არ პასუხობს მთავარ ბიზნესკითხვას: რამდენად კონვერტირდება ეს ვიზიტები რეალურ ზარებში, განაცხადებსა თუ საბოლოო გარიგებებში. კვლევის მიღმა რჩება მობილური აპლიკაციებიდან და სოციალური ქსელებიდან შემოსული ტრაფიკი, საიტზე გადასვლის რეალური სიხშირე (CTR), ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი რეკლამის ზუსტი ხარჯები და ის, თუ როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა AI-პასუხების ეპოქაში.
პრაქტიკული რჩევები: როდის და რა უნდა შეცვალოს ბაზრის თითოეულმა მოთამაშემ?
კვლევის შედეგებს ბაზრის სხვადასხვა მონაწილესთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, თუმცა თითოეულისთვის აქცენტი განსხვავებულია.
პლატფორმებისთვის პირველი ნაბიჯი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაა. მნიშვნელოვანია, ისეთი ძირითადი ინფორმაცია, როგორიცაა: სათაური, ფასი და აღწერა, Google-ისთვის პირდაპირ ჩანდეს და მხოლოდ JavaScript-ის ჩატვირთვის შემდეგ არ გახდეს ხელმისაწვდომი. ასევე საჭიროა ისეთი ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, როგორებიცაა: hreflang, Schema Markup და canonical. ამ ცვლილებების ნაწილი კონფიგურაციის დონეზე გვარდება და შედარებით მცირე ტექნიკურ სამუშაოს მოითხოვს.
დეველოპერებისთვის საყურადღებო საკითხია Google-ის ორგანულ ტრაფიკზე დამოკიდებულება. კვლევის მიხედვით, ათი საიტის ორგანული ტრაფიკის 70.3% ორ პლატფორმაზე ნაწილდება, ამიტომ, ახალი პროექტის მხოლოდ ამ საიტებზე განთავსება Google-ში ხილვადობისთვის საკმარისი არ არის. პროექტის გვერდებზე ასევე ღირს უფრო კონკრეტული ინფორმაციის დამატება, არა მხოლოდ თავად პროექტის, არამედ მისი უბნის, ქალაქის, ფასისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.
SEO სააგენტოებისთვის საინტერესო მიმართულებაა ფასზე მიბმული საძიებო მოთხოვნები. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლები ხშირად ძიებაშივე უთითებენ სასურველ ბიუჯეტს, ასეთი ფრაზების ცალკეული ანალიზი და შესაბამისი გვერდების შექმნა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. კვლევაში Facebook-ის 8%-იანი ხილვადობის წილიც აჩვენებს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ძიებებში Google-ის შედეგები მხოლოდ სპეციალიზებული საიტებით არ შემოიფარგლება. შესაბამისად, სოციალური ქსელები დამატებით არხადაც შეიძლება განიხილებოდეს.
სხვა ინდუსტრიის ბიზნესებისთვის კი ამ კვლევიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის უნივერსალური მეთოდოლოგიაა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას გამოადგება. პირველი და ყველაზე საჭირო გაკვეთილი სეზონურობის სწორი აღქმაა: თვიური შედეგების უბრალოდ წინა თვესთან შედარებამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, ამიტომ სურათის ზუსტად დასანახად რიცხვები ყოველთვის ზუსტად ერთი წლის წინანდელ იმავე პერიოდს უნდა შევადაროთ. გარდა ამისა, ნებისმიერი ციფრული ანალიზისას, სასურველია, ძირითადი მაჩვენებლების სულ მცირე ორჯერ გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებით, რათა განსხვავებული ინსტრუმენტების ხარვეზები დროულად გამოირიცხოს და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღოთ.
რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები კონკრეტული შედეგის გარანტიას არ იძლევა. ისინი მხოლოდ იმ მიმართულებებს აჩვენებს, რომელთა შემოწმებაც კვლევის მონაცემებიდან გამომდინარე ყველაზე ლოგიკურია.


