top of page

სომხეთ–საქართველოს ლოგისტიკისა და კომერციის ფორუმი 2026

  • 21 hours ago
  • 1 min read

19 ივნისს, eLogiFest-ისა და იქომერს ასოციაცია-საქართველოს თანამშრომლობით, თბილისში წარმატებით გაიმართა „სომხეთ–საქართველოს ლოგისტიკისა და კომერციის ფორუმი 2026“, რომელმაც გააერთიანა საქართველოსა და სომხეთის ბიზნესისა და ლოგისტიკის სექტორების წარმომადგენლები. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ახალი ბიზნესპარტნიორობების ჩამოყალიბებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვების განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვისთვის.


ღონისძიება გახსნა იქომერს ასოციაცია-საქართველოს თავმჯდომარემ ლადო კანდელაკმა  და eLogiFest-ის  აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინა იერემიანმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასევე არენ არაქელიანმა, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა საქართველოში, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, სავაჭრო ურთიერთობებისა და რეგიონული კავშირების მნიშვნელობას. 



ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის (MoU) ხელმოწერის ცერემონია იქომერს ასოციაცია-საქართველოსა და Event X Expo Group-ს შორის, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ბიზნეს და ლოგისტიკური ეკოსისტემების კიდევ უფრო დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.



ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები ისეთი კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან, როგორებიც არიან Megaladata, Onex Georgia, Garant Logistics, ULC Terminal და Tbilisi Free Zone. მომხსენებლებმა ისაუბრეს რეგიონული ლოგისტიკის თანამედროვე ტენდენციებზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობებზე, ელექტრონული კომერციის განვითარებასა და მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე.


ფორუმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აშოტ მირაქიანი (Mira Trans), არამ ნიკოღოსიანი (Garant Logistics), თამარ გოგოლაშვილი (OnWay), გიორგი გოგშელიძე (TNET) და თამარ ღადალაშვილი (Boygar’s). დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონული ლოგისტიკის გამოწვევები, ციფრული კომერციის განვითარების პერსპექტივები და კერძო სექტორის როლი რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.



ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და სომხეთი მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობენ ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ღონისძიება დასრულდა ნეთვორქინგ სესიითა და არაფორმალური შეხვედრებით, რომლებმაც მონაწილეებს ახალი საქმიანი კავშირებისა და სამომავლო პარტნიორობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცა.



 
 
bottom of page