top of page

„კავკასუს ონლაინ​ი“ - ​ .GE დომენურ ზონაში DNSSEC უსაფრთხოების​ მექანიზმი​ს ​პ​რეზენტაცია

  • 17 hours ago
  • 1 min read

​2 აპრილს გაიმართა Caucasus Online-ის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა .GE დომენურ ზონაში DNSSEC-ის დანერგვას​. ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს წარედგინათ DNSSEC-ის მნიშვნელობა და მისი დანერგვის შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს დომენური სისტემის უსაფრთხოების დამატებით შრეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, სამთავრობო უწყებები, ბანკები, ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლები​, მათ შორის იქომერს ასოციაცია- საქართველო.


DNSSEC წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც იცავს დომენურ ინფრასტრუქტურას ისეთი კიბერსაფრთხეებისგან, როგორიცაა DNS spoofing და cache poisoning. ტექნოლოგია იყენებს კრიპტოგრაფიულ ხელმოწერებს DNS მონაცემების ავთენტურობისა და მთლიანობის დასადასტურებლად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებლების მავნე ვებგვერდებზე გადამისამართების რისკს.


დომენური სახელების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად იზრდება მათი ეკონომიკური ღირებულება და შესაბამისად იმ ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობა, რომელიც მათ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინვესტორებისა და დომენური პორტფელების მენეჯერებისთვის DNSSEC დღეს უკვე დაცვის აუცილებელ შრედ მიიჩნევა და სულ უფრო მეტად განიხილება თანამედროვე დომენური სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად.

ტექნოლოგია პასუხობს ტრადიციული DNS სისტემის ერთ-ერთ მთავარ სისუსტეს ​- მონაცემთა გადაცემის დაუცველობას. DNSSEC უზრუნველყოფს DNS მონაცემების დაცვას კრიპტოგრაფიული ხელმოწერების მეშვეობით, რაც მონაცემთა ავთენტურობასა და მთლიანობას ამოწმებს და ბლოკავს ნებისმიერი მანიპულაციის მცდელობას მომხმარებლამდე მიღწევამდე.


აღნიშნული გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, ფინტექი, ჯანდაცვა და ნებისმიერი სფერო, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვა კრიტიკულია. ამასთან, DNSSEC-ის დანერგვა ზრდის დომენების სანდოობას, ამარტივებს უსაფრთხოების აუდიტებს და აძლიერებს ნდობას როგორც მომხმარებლების, ისე პარტნიორების მხრიდან.


ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია .GE დომენის ეკოსისტემის განვითარებისთვის და ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო და სანდო ციფრული გარემოს შექმნას საქართველოში.


 
 
bottom of page