ელ. კომერციის ვორქშოპი ქალი მეწარმეებისათვის
- Jul 18
- 1 min read
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველოსა და სვისკონტაქტის ორგანიზებით, 15-16 ივლისს ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის 2-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.
ერთობლივი პროგრამა მიზნად ისახავს აჭარისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერას ონლაინ გაყიდვების დაწყების, განვითარებისა და გაფართოების პროცესში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, პრაქტიკული უნარები და შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საკუთარი ბიზნესის ციფრულ სივრცეში ეფექტიანად წარმოჩენასა და ონლაინ გაყიდვების განვითარებაში დაეხმარებათ.
აჭარის რეგიონში ჩატარებული ორდღიანი პროგრამა აერთიანებდა თეორიულ სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, რეალურ მაგალითებსა და ინტერაქტიულ დისკუსიებს. მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული კომერციის ბიზნესმოდელებს, ონლაინ გაყიდვების სტრატეგიებს, ციფრულ მარკეტინგს, მომხმარებელთა ჩართულობისა და მათთან ურთიერთობის ეფექტიან მექანიზმებს, პროდუქტის ონლაინ პრეზენტაციის პრინციპებსა და სოციალური კომერციის შესაძლებლობებს.
პროგრამის ფარგლებში ასევე განხილული იყო ონლაინ ბიზნესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები, მათ შორის საგადასახადო და საბუღალტრო მოთხოვნები, ციფრული რეკლამა და ონლაინ გაყიდვების არხების ეფექტიანი გამოყენება. მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს საკუთარი ბიზნესების ონლაინ წარმომადგენლობაზე და დაეუფლნენ საქართველოს ბანკი ბიზნესის Ads Manager-ის გამოყენებას, მათ შორის შეთავაზებების შექმნისა და მართვის ინსტრუმენტებს.
ტრენინგის მეორე დღე მონაწილეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ მხარდაჭერასა და მენტორინგს დაეთმო. ელექტრონული კომერციის გამოცდილების შესაბამისად, მონაწილეები დაიყვნენ დამწყები, აქტიური და გამოცდილი მეწარმეების ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეწოდა შესაბამისი მენტორული მხარდაჭერა, რომლის მიზანი იყო ონლაინ გაყიდვების არხების შექმნა, გაუმჯობესება ან მასშტაბირება.
პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შემდგომი ონლაინ შეხვედრა, რომელიც ტრენინგის დასრულებიდან დაახლოებით 30 დღის შემდეგ გაიმართება. შეხვედრის მიზანი მონაწილეთა პროგრესის შეფასება, არსებული გამოწვევების განხილვა და პროგრამის გავლენის შეფასება იქნება.
ტრენინგის დასრულების შედეგად მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ საკუთარი ბიზნესების ონლაინ განვითარებაში, ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებასა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებაში დაეხმარებათ.


















