ევროკავშირმა Temu სახიფათო პროდუქტების გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
- Jun 2
- 2 min read
ევროკავშირმა ჩინურ ონლაინპლატფორმა Temu-ს 200 მილიონი ევროს (232 მილიონი დოლარი / 173 მილიონი ფუნტი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რადგან პლატფორმაზე უკანონო და მომხმარებლებისთვის სახიფათო პროდუქტები იყიდებოდა.

ევროკომისიის განცხადებით, კომპანიამ სათანადოდ ვერ შეაფასა და ვერ მართა იმ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც მის პლატფორმაზე იყო განთავსებული. რეგულატორების შეფასებით, ამან მომხმარებლების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა. Temu 2024 წლის ოქტომბრიდან იძიება იმის დასადგენად, ასრულებს თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომლებიც მსხვილ ონლაინპლატფორმებს ეკისრებათ.
Temu გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დაკისრებული ჯარიმა ზედმეტად მაღალია. კომპანიის განცხადებით, ის ამჟამად ყველა შესაძლო ნაბიჯს განიხილავს. გამოძიების ფარგლებში დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ე.წ. „ფარული შესყიდვები“ განახორციელა. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ Temu-ზე შეძენილი მრავალი დამტენი საბაზისო ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ასევე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საბავშვო სათამაშო შეიცავდა დასაშვებ ნორმაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას ან ჰქონდა მცირე ზომის ნაწილები, რომლებიც ბავშვებისთვის დახრჩობის საფრთხეს ქმნიდა.
ჯარიმის გარდა, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილი იქნება, როგორ აპირებს გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრას. ამის შემდეგ ევროკომისიას ორი თვე ექნება იმის შესაფასებლად, აკმაყოფილებს თუ არა კომპანიის გეგმა რეგულაციების მოთხოვნებს. ევროკავშირის ტექნოლოგიების კომისარმა ჰენა ვირკუნენმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ონლაინპლატფორმებისთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვა.
Temu-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია მხარს უჭერს მკაფიო და თანმიმდევრულ რეგულაციებს, თუმცა მიაჩნია, რომ გამოძიების დასკვნები 2024 წლის მდგომარეობას ასახავს და არა კომპანიის დღევანდელ სისტემებს. მისივე განცხადებით, Temu ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს და გადაწყვეტილებას დეტალურად სწავლობს.
გადაწყვეტილებას მიესალმა ბრიტანული მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია "Which?". ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუ დევისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ნაბიჯი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაეკისროს ონლაინპლატფორმებს პასუხისმგებლობა მათ ვებგვერდებზე განთავსებული სახიფათო პროდუქტების გამო. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობამაც უნდა გამოიყენოს ახალი უფლებამოსილებები და ონლაინპლატფორმები კანონით პასუხისმგებელნი გახადოს მომხმარებლებისთვის საშიში პროდუქციის გაყიდვაზე.
Temu-სთვის დაკისრებული ჯარიმა მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ციფრული სერვისების აქტის (Digital Services Act) ფარგლებში მსგავსი სანქცია გამოიყენა. პირველი ჯარიმა გასული წლის დეკემბერში სოციალურ ქსელ X-ს დაეკისრა და მისი ოდენობა 120 მილიონ ევროს შეადგენდა.


