top of page

როგორ ქმნის „კეთებით სწავლა“ ბიზნესის გრძელვადიან წარმატებას

  • 9 minutes ago
  • 2 min read

მცირე იდეის გლობალურ ბიზნესად ქცევა მარტივი არ არის. როცა Infobip, ხორვატული ტექნოლოგიური კომპანია შეიქმნა, დამფუძნებლებს მხოლოდ შეზღუდული რესურსი ჰქონდათ. მათ სჭირდებოდათ, ეს თანხა სწორად გამოეყენებინათ და ეტაპობრივად განევითარებინათ კომპანია.


როგორც თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Silvio Kutic ამბობს, სწორედ ამ გზამ - მცირე რესურსებით დაწყებამ და პრაქტიკაში სწავლამ, განსაზღვრა კომპანიის მიდგომა: „კეთებით სწავლა“ არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას სწრაფად მოვერგოთ ცვლილებებს და გავიზარდოთ. წლების განმავლობაში გუნდმა გააცნობიერა, რომ წარმატების საფუძველი არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ მუდმივი ექსპერიმენტი და სწავლაა. სწრაფად ცვლად ციფრულ სამყაროში ბიზნესებმა უნდა შეძლონ მომხმარებლებთან სწრაფი და პერსონალიზებული კომუნიკაცია.


პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სწორედ ეს - „კეთებით სწავლა“. ეს ნიშნავს ცდასა და შეცდომას, სწრაფ ექსპერიმენტებს და შეცდომების მიღებას, როგორც განვითარების ნაწილს. თუმცა, როგორც კუტიჩი აღნიშნავს, მთავარი არის მომხმარებლის რეალური პრობლემების გაგება: „ყველაზე ძლიერი ინოვაციები მაშინ იქმნება, როცა მომხმარებელთან ერთად ვქმნით და არა მხოლოდ მისთვის.“ ამის კარგი მაგალითია Uber-თან თანამშრომლობა. ერთობლივად შეიქმნა გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურ პრობლემებს პასუხობდა - უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნომრის დამალვის სისტემა და მომხმარებელზე მორგებული კომუნიკაცია. ეს გადაწყვეტილებები რეალური საჭიროებიდან დაიბადა და არა თეორიული გათვლებიდან.


მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომხმარებლის მოლოდინებთან ადაპტაცია. დღეს მომხმარებლებს სურთ სწრაფი, ორმხრივი კომუნიკაცია იმავე არხებში, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ამჯობინებს შეტყობინებებს ზარების ნაცვლად, რაც ბიზნესებს აიძულებს, კომუნიკაციის ფორმა შეცვალონ. ამ პროცესში დიდი როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს. AI კომპანიებს ეხმარება, მასშტაბურად შესთავაზონ მომხმარებლებს პერსონალიზებული გამოცდილება, გააუმჯობესონ მომსახურება და შეამცირონ ხარჯები. როგორც კუტიჩი აღნიშნავს, AI უკვე პრაქტიკული ინსტრუმენტია და არა მხოლოდ მომავლის ტექნოლოგია.


მესამე ფაქტორია გუნდი. წარმატებული კომპანიები ქმნიან მცირე, მოქნილ გუნდებს, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ მომხმარებლებთან. ეს მათ საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ საჭიროებები და სწრაფად შექმნან ეფექტიანი გადაწყვეტილებები. ამასთან, უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა ნდობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.


მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტია პარტნიორობა. სტარტაპებთან და დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა ბიზნესებს ეხმარება სწრაფად დანერგონ ინოვაციები და შექმნან უფრო ფართო გავლენა.


სტატიის ბოლოს, გთავაზობთ Silvio Kutic-ის მთავარ გზავნილს: ტექნოლოგია თავისთავად პრობლემებს ვერ აგვარებს. მისი თქმით, წარმატება იწყება მომხმარებლის საჭიროებების გაგებით, მუდმივი მოსმენით და გააზრებული, სწრაფი მოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, ერთი რამ უცვლელია -  მომხმარებელს სჭირდება ნამდვილი, ადამიანური კავშირი. სწორედ ამ ბალანსის შენარჩუნება არის გრძელვადიანი წარმატების საფუძველი.


 
 
bottom of page