მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული თბილისში გაიხსნა
- 14 hours ago
- 1 min read
2026 წლის 9 მარტს თბილისში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კვირეული ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

გახსნით ღონისძიებას დაახლოებით 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები. გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე იქომერს ასოციაცია საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე მდგომარეობა, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული უკავშირდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს (World Consumer Rights Day), რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში, 9–16 მარტს, თბილისში და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 ივნისიდან საქართველოში მოქმედებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი, რომლის მიზანია მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონი ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის.
კვირეულის მთავარი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების კიდევ უფრო გაძლიერება.














