top of page

,,ონვეის” გამოცდილება ბერლინის ექსპოზე: ინტერვიუ თამარ გოგოლაშვილთან

  • Feb 27
  • 3 min read

17–18 თებერვალს, E-commerce Berlin Expo-ს ფარგლებში, ბერლინში გაიმართა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ელ. კომერციის, ლოგისტიკისა და ტექნოლოგიების სფეროს წამყვან კომპანიებსა და ექსპერტებს.


ექსპოზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ფულფილმენტი და 3PL სერვისები, მიწოდების პროცესების ავტომატიზაცია, უსაფრთხო შეფუთვის ახალი სტანდარტები, ERP და PIM სისტემებთან ინტეგრაცია, დაბრუნების პროცესის ოპტიმიზაცია და საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელების განვითარება. მონაწილე კომპანიების შეფასებით, ელ. კომერციის სწრაფი ზრდის პირობებში ლოგისტიკა უკვე აღარ არის მხოლოდ ოპერაციული პროცესი - ის მომხმარებლის გამოცდილების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ყალიბდება.


ღონისძიებას ესწრებოდა „ონვეის“ დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ გოგოლაშვილი. იქომერს ასოციაცია საქართველო მას ესაუბრა იმ ტენდენციებზე, რომლებიც ექსპოზე გამოიკვეთა, და იმაზე, თუ როგორ პასუხობს ამ ცვლილებებს ქართული ლოგისტიკური ბაზარი:



  • როგორ შეაფასებთ წლევანდელ E-commerce Berlin Expo-ს და რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი?

,,ბერლინში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ელ. კომერციის განვითარებასთან ერთად, ლოგისტიკა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ითავსებს. თუ ადრე მთავარი აქცენტი მხოლოდ გაყიდვებზე კეთდებოდა, დღეს ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად, უსაფრთხოდ და სტაბილურად აღწევს პროდუქტი მომხმარებლამდე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფულფილმენტ სერვისებს, პროცესების ავტომატიზაციას, უსაფრთხო შეფუთვასა და სისტემურ ინტეგრაციებს. ეს არის მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად შეუძლია ონლაინ ბიზნესს ოპერირება და მასშტაბირება.”


  • რა იყო მთავარი განსხვავება, რაც ევროპულ და ქართულ ლოგისტიკას შორის დაინახეთ?

,,ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ ევროპაში ლოგისტიკა აღიქმება არა როგორც ცალკე სერვისი, არამედ როგორც ბიზნესის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა. ლოგისტიკური კომპანია არ არის უბრალოდ გადამზიდი, ის არის პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთების დამუშავებას, დასაწყობებას, შეფუთვას, მიწოდებასა და დაბრუნებებს.

სწორედ ეს არის მიმართულება, სადაც ,,ონვეი” აქტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, საერთოდ არ იფიქრონ ლოგისტიკურ პროცესებზე და სრულად ფოკუსირდნენ საკუთარ ზრდაზე.”


  • ერთ-ერთი მთავარი ტრენდი, რომელიც ექსპოზე აღინიშნა, იყო 3PL და ფულფილმენტი. როგორ განმარტავდით, რას ნიშნავს ეს ონლაინ ბიზნესისთვის?

ფულფილმენტი ნიშნავს, რომ კომპანიას აღარ სჭირდება საკუთარი საწყობის მართვა და ლოგისტიკური პროცესების დამოუკიდებლად ორგანიზება. ამის ნაცვლად, ეს ფუნქცია გადააქვს პარტნიორ კომპანიასთან, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა - საწყობი, ტექნიკური აღჭურვილობა, პროცესები და გუნდი იმისთვის, რომ შეკვეთები სწრაფად და უსაფრთხოდ დამუშავდეს და გაიგზავნოს.

ეს ბიზნესს აძლევს რამდენიმე უპირატესობას. პირველ რიგში, მნიშვნელოვნად მცირდება საოპერაციო ხარჯები, რადგან კომპანიას აღარ სჭირდება საკუთარი საწყობის შენახვა და ოპერაციული გუნდის მართვა. მეორე - პროცესი ხდება გაცილებით სწრაფი და ეფექტიანი, რაც პირდაპირ ამცირებს მიწოდების ვადებს.

თანამედროვე ელ. კომერციაში სისწრაფე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა და სწორედ ამიტომ, ფულფილმენტ სერვისები სულ უფრო აქტუალური ხდება, მათ შორის ქართულ ბაზარზეც.”


  • ექსპოზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მიწოდების უსაფრთხოების საკითხსაც. რამდენად აქტუალურია ეს მიმართულება ქართულ ბაზარზე?

,,მიწოდების უსაფრთხოება მომხმარებლის გამოცდილების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია. ბერლინში ვნახეთ ბევრი ტექნოლოგიური და ოპერაციული გადაწყვეტა, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსპორტირების პროცესში რისკების მინიმუმამდე შემცირებას, დაწყებული შეფუთვის ინოვაციური მეთოდებიდან, დასრულებული პროცესების ავტომატიზაციით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ლოგისტიკური კომპანიის პასუხისმგებლობა. ეს არის საერთო პროცესი, რომელიც მოითხოვს კოორდინაციას ონლაინ მაღაზიებსა და ლოგისტიკურ პარტნიორებს შორის.

,,ონვეი” აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად დავნერგოთ ახალი სტანდარტები ბაზარზე, რათა დავეხმაროთ პარტნიორ კომპანიებს მიწოდების პროცესის კიდევ უფრო დახვეწაში და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და საიმედო გამოცდილების შექმნაში.”


  • როგორ აისახება ბერლინში მიღებული გამოცდილება ,,ონვეის” სერვისებზე?

,,ბერლინში მიღებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო კრიტიკულად შევაფასოთ არსებული პროცესები და განვსაზღვროთ, რა მიმართულებით შეგვიძლია მათი გაუმჯობესება.

ჩვენი მიზანია, დავხვეწოთ სერვისები ისე, რომ პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ უფრო სწრაფი, სტაბილური და ეფექტიანი მიწოდება. ეს მოიცავს როგორც ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას, ისე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას.

ლოგისტიკა არის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება ქართულ ბაზარზეც ეტაპობრივად აისახოს.”


  • დაბრუნების პროცესიც აქტუალური თემაა. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

,,დაბრუნების მარტივი პროცესი პირდაპირ ზრდის ონლაინ გაყიდვებს, რადგან მომხმარებელს აძლევს უსაფრთხოების განცდას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პროცესის გამარტივებაზე, რათა ეს იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და მარტივად მართვადი როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ეკოსისტემისა, რომლის შექმნასაც ,,ონვეი” ისახავს მიზნად.”


  •  რა არის ,,ონვეის” სამომავლო გეგმები საერთაშორისო მიმართულებით?

,,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, არის საერთაშორისო 3PL პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება. ჩვენი მიზანია, მომავალში ქართულ ონლაინ ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო მარტივად გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე და გამოიყენონ საერთაშორისო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.”


  • როგორ ხედავთ ,,ონვეის” როლს ამ პროცესში?

,,ჩვენს კომპანიას ვხედავთ, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს იმ პროცესში, რომელიც ქართულ ელ. კომერციას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ სერვისების განვითარება, დავნერგოთ ახალი სტანდარტები და შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რომელიც ონლაინ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდნენ.

ლოგისტიკა აღარ არის მხოლოდ მიწოდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გამოცდილებისა, რომელსაც საბოლოოდ მომხმარებელი იღებს.”


 
 
bottom of page