„იქომერს ასოციაცია-საქართველოს“ წევრი კომპანიებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 15 hours ago
- 1 min read
11 ივნისს, „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ ინიციატივით, „იქომერს ასოციაცია-საქართველოს“ წევრი კომპანიებისთვის საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბიზნესის სექტორის ცნობიერების ამაღლება და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონულ კომერციაში არსებულ გამოწვევებს, პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკას, ფასების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის პრევენციას, არაკეთილსინდისიერი რეკლამის პრაქტიკებს, ასევე მომსახურების სტანდარტებსა და საგარანტიო პირობებს.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, დეტალურად გაცნობოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედ რეგულაციებს, სააგენტოს პრაქტიკასა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო მოთხოვნებს. შეხვედრის დისკუსიური ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები და პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღეს.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესგარემოში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას, კანონის მოთხოვნების ეფექტიან აღსრულებასა და სააგენტოსა და ბიზნესსექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას.




















