საქართველოს ელექტრონული კომერციის ტენდენციები 2025 წელს - Ahrefs-ის მონაცემებით გამყარებული ბაზრის ანალიზი
- guntsadze
- Jul 2
- 4 min read
Updated: Jul 4
გაიგეთ ქართული eCommerce-ის ტენდენციები: მომხმარებელთა ძიების ქცევები, ბაზრის ლიდერები და Ahrefs მონაცემებზე დაფუძნებული მთავარი ტენდენციები 2025 წელს.
ბოლო წლებში ელექტრონული კომერციის პოპულარობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა - ონლაინ შოპინგის ასეთი მასშტაბური აფეთქება მომხმარებელთა ქცევის ცვლილებამ, ციფრული სერვისების ზრდამ და პანდემიის ეფექტმა გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამ ტენდენციებისა, სიღრმისეული მონაცემები საქართველოს ბაზრის რეალურ მდგომარეობაზე დღემდე იშვიათად ქვეყნდება.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში წარმოდგენილია მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, რომელიც ემყარება საქსტატის ოფიციალურ სტატისტიკასა და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს. ამავე სტატიაში განვიხილავთ, როგორ ეძებენ ქართველები პროდუქტებს Google-ში, რომელი კატეგორიები და ონლაინ მაღაზიები დომინირებენ ორგანულ ძიებაში და როგორია ქართული ელ. კომერციის კონკურენტული ლანდშაფტი 2025 წლისთვის.
საქართველოს ელ. კომერციის მასშტაბი – 2024/25 წლის მონაცემები
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით სარგებლობს 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 82,7% (მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ისარგებლეს ინტერნეტით). ამავე კვლევის მიხედვით ინტერნეტით უზრუნველყოფილია ქვეყნის შინამეურნეობების 89%, რაც წინა წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს (93%) - აქ იგულისხმება როგორც ქალაქში, ისე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა.
ციფრული ინფრასტრუქტურის ასეთმა ზრდამ და ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების მაღალმა მაჩვენებლებმა, ბაზარზე ახალი შესაძლებლობები შექმნა, მათ შორის ელექტრონული კომერციის მიმართულებით. დროთა განმავლობაში გაიზარდა ონლაინ მაღაზიების რაოდენობაც, რამაც ელექტრონული კომერციის სხვა კუთხით განვითარებას შეუწყო ხელი. Ahrefs-ის 2025 წლის ივნისის ანალიტიკური მონაცემებით, საქართველოში გუგლის ტოპ 1000 საძიებო მოთხოვნიდან, ელ.კომერციის მაღაზიების წილი საკმაოდ დაბალია - გუგლში ქართველი მომხარებელი უმეტესად ეძებს კაზინოს, ტოტალიზატორს, ამინდს, ფილმებს, პოლიტიკას და +18 პლატფორმებს. თუმცა, ამ სიაში ქართული ონლაინ კომერციის რამდენიმე პლატფორმა მაინც გვხვდება, მაგალითად MyMarket.GE, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ელ. კომერციის მაღაზია არ არის და უფრო მეტად საბაზისო ონლაინ ყიდვა/გაყიდვაზეა ფოკუსირებული, 2025 წელს ყველაზე გამოყენებადი პლატფორმაა.
Vendoo-ს ტრანსფორმაცია და შერწყმა MyMarket-თან
დეტალური ანალიზის შემდეგ, უფრო ნათლად გამოიკვეთა, თუ რატომ გახდა MyMarket ასეთი დომინანტი. ალბათ გახსოვთ ბრენდი ვენდუ (Vendoo.ge), რომელიც როგორც ონლაინ მაღაზია 2019 წლიდან ფუნქცნიორებს. Ahrefs-ზე დაყრდნობით, ვენდუ ერთ-ერთი წამყვანი ელ.მაღაზია იყო ქართულ გუგლში - ამასვე მოწმობს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ვენდუ-ს 2024 წლის დეკემბერში გუგლიდან ჰყავდა დაახლოებით 40 000 მომხარებელი, რომლებიც მიზნობრივ პროდუქტებს ეძებდნენ.
(ვენდუს სტატისტიკა 2024 წლის დეკემბერის მონაცემებით, Ahrefs დატა)
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Vendoo ონლაინ-მაღაზიების ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, ამიტომაც, 2025 წლის პირველ კვარტალში ბრენდი MyMarket-ის პლატფორმასთან ინტეგრირდა, რის შედეგადაც Vendoo-ს ვებსაიტი სრულად გადამისამართდა MyMarket-ზე. ამჟამად მომხმარებელს მხოლოდ ერთ ბრენდთან - MyMarket-თან აქვს წვდომა.
თუკი საკითხს უფრო დეტალურად შევხედავთ, SEO-ს (გუგლის ალგორთმის) თვალსაზრისით, პროცესს წარმატებულად ვერ შევაფასებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული იყო 301 ტიპის გადამისამართება - რაც ერთი დომენიდან მეორეზე გადასვლას ნიშნავს, კონკრეტული გვერდების გადამისამართება (exact URL redirect) არ განხორციელდა.
მართალია, MyMarket-ს მიზნობრივი აუდიტორია მნიშვნელოვნად გაეზარდა, ვინაიდან Vendoo იგივე სფეროში საქმიანობდა, თუმცა, Google-ის პოტენციალის სრულად გამოყენება მაინც ვერ მოახერხეს. უფრო კონკრეტულად, მათ შეეძლოთ MyMarket-ზე შეექმნათ Vendoo-ს გვერდების იდენტური ასლები და განეხორციელებინათ ზუსტი („exact URL’’) გადამისამართება. Google-ის საძიებო ალგორითმის ლოგიკის მიხედვით, მსგავსი თემატური შესაბამისობა უფრო მაღალი პრიორიტეტით განიხილება, ვიდრე მხოლოდ დომენურ დონეზე განხორციელებული სტანდარტული რედირექტი.
ტექნიკის ელ.კომერცია & გუგლის მომხმარებელი
ქართული Google-ის ტოპ 100 საძიებო შედეგში გამოირჩევა ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ კომერციის პლატფორმა ზუმერი - იგი ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ფართოდ ცნობილია, როგორც ტექნიკის ბრენდი, რომელსაც საკუთარი მაღაზიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქვს. Ahrefs-ის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით კი, ეს კომპანია ქართული Google-ის პოტენციალს ციფრული არხებისთვისაც წარმატებით იყენებს.
2020 წელთან შედარებით, 2024 წლის ბოლო კვარტალში Google-იდან Zoommer.ge-ზე გადასული ვიზიტორების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. მაგალითად, მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში საიტზე შევიდა დაახლოებით 310,000 მომხმარებელი, რომლებიც მიზნობრივ პროდუქტებს ეძებდნენ (მომხმარებლების ასეთი ზრდის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს შეგიძლიათ გაეცნოთ 10xSEO-ს ქეისში, სადაც აღწერილია, როგორ გაზარდა კომპანიამ ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ, მხოლოდ 30 დღეში).

(ზუმერის გუგლიდან გადასული მომხარებლის სტატისტიკა 2024 წლის დეკემბერის მონაცემებით, Ahrefs დატა)
2025 წლის ივნისის მონაცემებით, ზუმერის საიტი გუგლიდან გადასული მომხმარებლის საკმაოდ მაღალ პროცენტს იღებს შემდეგ პროდუქტებზე: ელექტრო სკუტერები, პოლაროიდი, მობილური ტელეფონები და ციფრული საათები (აღნიშნული გვერდები გუგლიდან შესული საერთო მომხმარებლის დაახლოებით 25%-ს ითვისებენ).

(ზუმერის პროდუქტების ტოპ 25% გუგლის მომხარებლის მიხედვით, Ahrefs დატა)
Elit Electronics-ისა და Alta-ს ციფრული განვითარება ქართულ ბაზარზე
ტექნიკის ბრენდებიდან ონლაინ კომერციასა & გუგლის სინთეზს კარგად იყენებს კიდევ ორი ბრენდი - Elit Electronics დ ALTA. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აქვს ფიზიკური მაღაზიები, პანდემიის შემდეგ მათ შეძლეს მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებთან ადაპტირება და ელექტრონულ კომერციაზე უფრო მეტად ფოკუსირება. განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენეს ქართული Google, რომელსაც საკმაოდ მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს - ეს ნებისმიერი ელექტრონული კომერციის ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან Google-ის მომხმარებელი სწორედ იმ პროდუქტებს ეძებს, რომლებსაც კომპანია სთავაზობს.
პანდემიის შემდეგ Elit Electronics (ee.ge) ქართულ Google-ში არნახულ ზრდას განიცდის. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათმა ონლაინ მომხმარებელთა რაოდენობამ 500%-ით მოიმატა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის დასაწყისში Google-დან ee.ge-ზე ყოველდღიურად შედიოდა მხოლოდ 30,000 მომხმარებელი, მიზნობრიობის გარეშე, ხოლო 2025 წლის ივნისის მონაცემებით, საიტს ყოველთვიურად Google-იდან უკვე 150,000 მიზნობრივი მომხმარებელი სტუმრობს.

(ee.ge გუგლიდან გადასული მომხარებლის სტატისტიკა 2025 წლის ივნისის მონაცემებით, Ahrefs დატა)
500%-იანი ზრდა არ ჰქონია ალტას ონლაინ მაღაზიას, თუმცა მნიშვნელოვან შედეგებს მათაც მიაღწიეს. 2020 წლის პირველი კვარტლიდან დღევანდელ დღემდე alta.ge-ზე Google-დან შესული მომხმარებელთა რაოდენობა 300%-ით გაიზარდა და ამჟამად საშუალოდ თვეში 95,000-ზე მეტ ვიზიტორს იღებს.
Veli.Store და კონკურენტები გუგლის რეტროსპექტივაში
ტექნიკის ბრენდების დომინირება ქართულ Google-ში უკვე დავადასტურეთ - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი მომხმარებელი ონლაინ ტექნიკას საკმაოდ აქტიურად ყიდულობს, რაც ბოლო 5 წლის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა, საინტერესოა, როგორ შედეგებს აღწევენ ონლაინ მაღაზიები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკაზე არ არიან ფოკუსირებულნი და ამაზონის მსგავსად, მრავალ კატეგორიას აერთიანებენ.
Ahrefs-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვარჩიოთ 4 დომინანტი ონლაინ მაღაზია - Veli.Store, Extra.GE, WishList.GE, Isurve.GE
ეს ოთხი ონლაინ მაღაზია ზუსტად ასახავს ქართული Google-ის მომხმარებელთა ქცევის სტრატეგიას. შედეგად, პროდუქტის ონლაინ ძიების დროს, ამ ბრენდებიდან ერთი აუცილებლად ხვდება Google-ის ძიების ტოპ 3 შედეგში.
ნამდვილი წარმატების მაგალითია Veli.Store-ს ისტორია. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით (Ahrefs-ის მიხედვით) ბრენდი ჯერ კიდევ არ იღებდა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს შეიქმნა . თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს Veli.Store-ს Google-დან საშუალოდ 100,000-მდე მიზნობრივი მომხმარებელი სტუმრობს.

(Veli.Store გუგლიდან გადასული მომხარებლის სტატისტიკა 2025 წლის ივნისის მონაცემებით, Ahrefs დატა)
დღეის მონაცემებით, გუგლიდან შესულ მომხმარებელთა უმეტესობას Veli-ზე შემდეგი პროდუქტები აინტერესებს:
ივ როშეს თავის მოვლის საშუალებები,
სასაჩუქრე ნაკრებები,
მანქანის აქსესუარები,
ყურსასმენები,
ყავის აპარატები,
ჰაერის დამატენიანებელი
სამაგიდო თამაშები.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდულ ძებნასთან ერთად, ველი ამ პროდუქტებზე დაახლოებით გუგლის მომხარებლის 20%-ს იზიდავს.
ვის გვერდით იბრძვის Veli.Store ქართულ Google-ში?
გუგლის ალგორითმის მიხედვით, ველი-ს მთავარი კონკურენტი არის Extra.GE რომელიც გუგლიდან საშუალოდ 90 000 მომხამრებელს იღებს შემდეგ პროდუქტებზე:
ელექტრო სკუტერები,
როლიკები,
სარბენი ბილიკები,
სამგზავრო ბალიშები,
პუფები,
და ა.შ;
პარალელურად ზრდის პროცესშია ორი საინტერესო ბრენდი - WishList და Isurve. Ahrefs-ის მონაცემებით, WishList.ge-ზე Google-დან ყოველთვიურად დაახლოებით 32,000 მომხმარებელი, ხოლო Isurve.ge-ზე საშუალოდ 47,000 მიზნობრივი მყიდველი გადადის.
შემდეგ ნაწილში დეტალურად გავაანალიზებთ Veli.Store-ის ორწლიან ტრანსფორმაციას და მიმოვიხილავთ სტრატეგიას, რომლის მეშვეობითაც ბრენდმა შეძლო Google-სთვის დაემტკიცებინა, რომ მათი პლატფორმა ყოველთვიურად მიზნობრივი მომხმარებლების სტაბილურ და მზარდ ტრაფიკს იმსახურებს.
სტატია მოამზადა: 10xSEO-ს გუნდმა ,,იქომერს ასოციაცია საქართველო”-სთან თანამშრომლობით